ლეგიონერები | ქართველების გოლები და სეივები

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.

ხორვატია

გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ “გორიცას” უმასპინძლა და დამაჯერებლად, 40-27 გაიმარჯვა. ქართველ ლეგიონერს წინა ტურისგან განსხვავებით, სადაც 3 ბურთი გაიტანა, არ უთამაშია, მაგრამ ითამაშა 4 ოქტომბერს, ხორვატიის პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში როდესაც მისი გუნდი „რუდარს“ ეწვია და 40-28 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაგრებელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაში 3 გატანილი ბურთით და 2 ასისტით შეიტანა წვლილი.

ისლანდია

ისლანდიაში გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირმა“ რეიკიავიკს უმასპინძლა და ჩემპიონატის დებიუტში ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ლეგიონერის გუნდმა 41-36 გაიმარჯვა. 8 გატანილი ბურთით გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გიორგი დიხამინჯიამ.

საფრანგეთი

საფრანგეთის სტარლიგაში წარმატებული ტური ჰქონდათ ნიკოლოზ კალანდაძის „პროვანს-ექსს“ და ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლეს“.

კალანდაძის გუნდმა გასვლაზე „ტულუზა“ დაამარცხა 29-25.

6 გატანილი ბურთით და 4 ასისტით გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველმა ლეგიონერმაც.

ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ქართველის გუნდმა მეხუთე ტურში „ისტრი“ 33-29 დაამარცხა. ერთი გოლია არსენაშვილის ანგარიშზე.

პოლონეთი

პოლონეთის სუპერლიგაში ზედიზედ წაგებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ცინცაძის “ლეგიონოვომ”. სტუმრად 33-28 დაამარცხა “გვარდია”. საქართველოს ნაკრების მეკარემ 9 სეივი შეასრულა.

სუპერლიგის მეხუთე ტურში „ვისლასთან“ გასვლით შეხვედრაში 22-37 დამარცხდა მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვია“, მაგრამ წარმატებას მიაღწია მომდევნო ტურში „ზაგლემბესთან“ (33-22). ქართველი ლეგიონერი ორივე მატჩში უშედეგო იყო.

რუმინეთი
რუმინეთის ეროვნულ ლიგაში მეხუთე ტური წარმატებული გამოდგა ირაკლი კბილაშვილის “პოტაისასთვის“. ქართველის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ, ბუქარესტის “დინამოს” 29-24 მოუგო. კბილაშვილის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი ასისტია.
რუმინეთის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ხაზეინ რუსტამოვის “კონსტანტა” საკუთარ მოედანზე “ვასლუისთან” დაძაბულ შეხვედრაში 34-36 დამარცხდა. რუსტამოვის აქტივში ერთი გოლია.
“კონსტანტას” რუმინეთის ჩემპიონატში პირველ გამარჯვებამდე ხუთი ტური დასჭირდა – “სიგიშოარას” 27-24 მოუგო. ქართველმა ლეგიონერმა ორი გატანილი ბურთით გამოიჩინა თავი.

Leave a Reply