გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა

კონტინენტის პირველობამდე ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების 11 ნომერზე, გიორგი ცხოვრებაძეზე წერდა: “გუნდის მთავარი ძალა კვლავ გიორგი ცხოვრებაძეა, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ნახტომით და გადამწყვეტ მომენტებში შეტევის გაძღოლის უნარით.“
„ზაგრების“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეტევის მთავარ იარაღად იქცა, ჯგუფური ეტაპი ბომბარდირის სტატუსით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სამივე შეხვედრაში უხვგოლიანობით გამოირჩეოდა.
ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მისთვის კარგად ნაცნობ ხორვატებს 7 ბურთი გაუტანა, შვედეთს, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – 11 და ამდენივეჯერ აიღო ნიდერლანდების კარი. შედეგად, სამ მატჩში მის ანგარიშზე დაგროვდა 29 გოლი, რაც ევრო-2026-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მაჩვენებელია პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან ერთად.
თუ უფრო გავშლით ცხოვრებაძის მაჩვენებლებს, შევიტყობთ, რომ მას ერთ მატჩში საშუალოდ 9.7 გოლი გაჰქონდა. რაც შეეხება ასისტებს, ამ შემთხვევაში მისი მაჩვენებელი 9 არის, ანუ მატჩში საშუალოდ 3.
საინტერესოა პასების მაჩვენებელიც. ცხოვრებაძემ სამ მატჩში 457 გადაცემა შეასრულა, რაც საშუალოდ 152.3 მოქმედებაა. ისიც ვთქვათ, რომ სამი მატჩის განმავლობაში ჯამში 140 წუთი ითამაშა, ეს კი საშუალოდ მოედანზე გატარებული 46.8 წუთია.
და კიდევ, გიორგი ცხოვრებაძის გოლი ნიდერლანდებთან ჯგუფური ეტაპის საუკეთესოებს შორის მესამე ადგილზე გავიდა.