ფავორიტთან მოგება ახლოს იყო...

საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრძოლის შემდეგ 21-24 წააგო ლატვიასთან ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, რომელშიც უმეტესი დრო ლიდერობდა. შოთა თევზაძემ 15 ბურთი მოიგერია, ექვსიდან მხოლოდ 1 შვიდმეტრიანი გაუშვა, 16 წლის გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ამ დონეზე პირველად თამაშობდა, 7 გოლი გაიტანა, ირაკლი ჩიქოვანმა - 6. დასრულებამდე 7 წუთით ადრე 21-20 ვიგებდით, მაგრამ მეტოქემ ბოლო 5 წუთში გარდატეხა თამაში.
ეროვნული ნაკრები კლაიპედაში მიემგზავრება

დღეს ღამით ლიტვის ქალაქ კლაიპედაში მიემგზავრება ხელბურთის კაცთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც 12-14 იანვარს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აქვს ლატვიის, ლიტვისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ. მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
ეროვნულ ნაკრებს ბოშკოვსკი გაწვრთნის

საქართველოს კაცთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 43 წლის მაკედონიელი დონე ბოშკოვსკი, რომელიც გუნდს უკვე ამზადებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. შეჯიბრება 12-14 იანვარს გაიმართება კლაიპედაში, ლიტვა. მონაწილეობენ ლიტვა, ლატვია, ისრაელი და საქართველო. ბოშკოვსკის თანაშემწედ ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ტიტე კალანდაძე.
ევროპის ჩემპიონატი თელავის ახალ არენაზე გაიმართება

ევროპის ხელბურთის ფედერაცია დათანხმდა საქართველოს ეროვნული ფედერაციის წინადადებას, 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის თბილისიდან თელავში გადატანის შესახებ. გადაწყვეტილება დამტკიცდა EHF აღმასკომის სხდომაზე ჰამბურგში. ტურნირი 2018 წლის 10-19 აგვისტოს ჩატარდება. მონაწილეობს 11 ქვეყანა, ხოლო თელავის ახალი არენა 2018 წლის დასაწყისში მზად იქნება.