რატი და მისი აქილევსი
რატი მსხვილიძე ახლა უკლუბოდაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ემზადება მალტის შესარჩევი ტურნირისთვის. 2007 წლის 3 იანვრიდან, როდესაც პირველად ითამაშა ეროვნულ გუნდში, სულ 28 ოფიციალურ მატჩში გატანილი 112 გოლი დაუგროვდა. აქედან 42 შეაგდო 2013-14 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 6 მატჩში, ლიტვის, თურქეთისა და ფინეთის წინააღმდეგ, 11 ბურთი კი ერთ თამაშში გაუტანა თურქეთს. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მაშინაც ჯორჯე რაშიჩი იყო…
– ჯორჯე, რა თქმა უნდა, სერიოზული მწვრთნელია და მაშინ 3 ძალიან კარგი თამაში მოვიგეთ სპორტის სასხლეში. ის კარგადაც დაგმუხტავს მატჩის წინ, თამაშის ზუსტ მონახაზსაც გააკეთებს, პერსონალურ დავალებასაც მოგცემს და შემადგენლობის ტრიალიც კარგი იცის. 2013-14 წლების იმ გუნდის ლიდერებიდან მარტო ვოვა რუსია გვაკლია, თუმცა, არის ახალგაზრდების ძალიან კარგი თაობა – ამიტომაც მალტაშიც სამ მოგებას ვგეგმავთ და პლეიოფშიც გვექნება კარგი შანსები.
– საკლუბო კარიერაში რამე სიახლე ხომ არ იგეგმება?
– მაკედონიის რაბოტნიკიდან წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ ვარ – მაკედონიის ჩემპიონატში შარშან მესამე ადგილი დავიკავეთ. ახლახან დამირეკა აგენტმა – რუსეთის სუპერლიგის ვარიანტია. კრასნოდარის გუნდია, მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ჯერ ნაკრების თამაშებია და ამის დრო არა მაქვს. დამთავრდება მალტის ტურნირი და განვიხილავ.
– რატი, შენი სიმაღლის, 207 სანტიმეტრიანი ცაცია შუამარბი ხელბურთში დიდი იშვიათობაა. უნგრელი ნადი ან ხორვატი კოპლიარი შეიძლება გავიხსენოთ. თავის დროზე ძალიან სერიოზულ საკლუბო კარიერას გიწინასწარმეტყველებდნენ…
– ისლანდიის სტიარნანში რომ წავედი პირველად, 20 წლის ვიყავი. როლანდ ერაძე იქ იყო და მეხმარებოდა, მაგრამ სრულიად უცხო გარემოში მოვხვდი, იქაური ენაც ძალიან რთული იყო. მერე სეზონნახევარი ვიყავი სერბეთის მეტალოპლასტიკაში, რომელსაც ფინანსური საქმეები აერია. ხორვატიის ნექსესგან მქონდა წინადადება, მაგრამ მაგრამ სერბებმა უარი უთხრეს.
ჩემი მთავარი პრობლემა ტრავმები იყო. სამი რთული ოპერაცია მაქვს გადატანილი – მუხლის, მხრის და მყესის. ჩემი სიმაღლის კაცისთვისაც კი მძიმე ვარ – მინიმუმ 120 კილოგრამი უნდა ვიყო, რომ ვითამაშო, ისე ჯანზე ვერ ვიქნები. მსხვილი ძვალი მაქვს და ბუნებრივად ასეა. ეს 120 კილო კი ძალიან დიდი დატვირთვაა სახრებისთვის, მყესებისთვის. ამის გარდა, შეიძლება მეც რამე დავაკელი – სადღაც ვიზარმაცე ან ნაკლებად მიზანდასახული ვიყავი, მაგრამ ძირითადი მიზეზი, მგონია რომ ტრავმებია.
– ნაკრებში მაინც შთამბეჭდავი კარიერა გქონდა – განსაკუთრებით იმ სეზონში, თურქეთს სპორტის სასახლეში რომ 11 გოლი გაუტანე…
– მაშინ ზუსტად თურქეთში ვთამაშობდი. ჯერ ტრაბზონსფორში, მერე – ტრაბზონის მეორე გუნდში, თუთუნსფორ აქჩაბათში. ბეშიქთაშის გარდა ყველას თანაბრად ვეთამაშებოდით. კარგ ფორმაში ვიყავი 2014 წლის ბოლოსაც, როდესაც ორი მატჩი გვქონდა ესტონეთთან. მეორე მატჩი თბილისში იყო და 6 გოლი გავიტანე. მოვიგეთ. მეორე დღეს მირეკავს ჩემი აგენტი, ზორან შეკულარაცი. – რატი, ბუნდესლიგის გუნდია, კარგი პირობები აქვთ…
– რომელი გუნდი იყო?
– არ მიკითხავს, აზრი არ ჰქონდა. ხომ გახსოვს, ესტონეთთან თამაში მე ტრავმის გამო ვერ დავასრულე. – ზორან, გუშინ აქილევსის მყესი გავიწყვიტე. ხვალ ოპერაციას მიკეთებენ. რა დროს ბუნდესლიგაა.
28 წლის ვიყავი მაშინ. კარიერის დიდი ნაწილი წინ იყო, მაგრამ ამ ტრავმის შემდეგ ჩემი საქმე დაღმა წავიდა. ერთი წელი გამიცდა. და გერმანიის ნაცვლად მომიხდა ირანში წასვლა. ნაკრებშიც ბევრი გამოვტოვე.
– თავიდანვე მაღალი და დიდი იყავი?
– არა. ხელბურთის თამაში რომ დავიწყე, გლდანში, თამაზ ჩხაიძესთან, ვიყავი 15 წლის და 180 სანტიმეტრი. დამაყენეს ხაზზე. ცაცია ვიყავი, მაგრამ ორივე ხელს ვხმარობდი. მერე, ერთ ზაფხულში მოვიმატე 15-16 სანტიმეტრი. უკვე ქარიშხალაში ვიყავი და, ცხადია, გამამწესეს მარცხენა ინსაიდად. სიმაღლეში სადღაც 20-21 წლამდე ვიზრდებოდი, სანამ 207 არ გავხდი.
– შენი ბიჭიც კაი მაღალია.
– მაგის ასაკში მე ბევრად დაბალი ვიყავი.
– ცაციაა?
– არა, მაგრამ ცაციასაც ხმარობს. ორივეს ხმარობს, ჩემსავით. 7 წლისაა. ხელბურთზე ჯერ არ მიმიყვანია, ადრეა.
– შარშან ბავშვობის პოზიციაზე, ხაზზე ითამაშე ნაკრებში, რაშიჩი რას გიპირებს?
– უფრო ინსაიდზე ვარ. თუმცა, სადაც დამაყენებს, იქ ვითამაშებ. მერე კლუბის საქმეებსაც მივხედავ. ჯერ ვაპირებ თამაშს, თუ ტრავმა არ მექნა, რა თქმა უნდა. ჯორჯე ამბობს, რომ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთო. მაგას რა ჯობია. 2022 წელს 36 წლის ვიქნები. მშვენიერი დასასრული იქნება კარიერის. მერე იქნებ შვილმა გააგრძელოს.
რატი მსხვილიძე, ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Jwsher72VYg
რატი მსხვილიძე: დაიბადა 1986 წლის 19 ივნისს. ხელბურთის თამაში დაიწყო 2001 წელს გლდანის სპორტსკოლაში, თამაზ ჩხაიძესთან. კარიერა: ქარიშხალა (2001-05) – სტუ-შევარდენი (2005-07, საქართველოს ჩემპიონი, 2012-13) – სტიარნანი (ისლანდია, 2007-09) – მეტალოპლასტიკა (სერბეთი, 2010-11) – შაჰრდარი თავრიზი (ირანი, 2012-13) – ტრაბზონსფორი (თურქეთი, 2013-14) – აქჩაბათ თუთუნსფორი (თურქეთი, 2014-15), ურმია (ირანი, 2016-17) – ეუროფარმ რაბოტნიკი (მაკედონია, 2017-18) – ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა 2007 წელს; სულ, 28 ოფიციალურ მატჩში გაიტანა 112 გოლი (ჩელენჯ ტროფის ჩემპიონი 2008 და ფინალისტი 2010) – ოჯახი: მეუღლე ქეთევან ბაკურაძე, შვილი – საბა (7 წლის).
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო – მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი – საქართველო, 21:30 მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი – საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი – მალტა