03/09/15 ევროპული სეზონი ექვსმა ქართველმა დაიწყო
გაიხსნა 2015-16 წლების საკლუბო სეზონი, რომელსაც 6 ქართველი ხელბურთელი იწყებს ევროპულ კლუბებში, მათ შორის სამი ევროტურნირებზეც გამოვა.
უკვე დაიწყო საერთაშორისო, ე.წ. სეჰა ლიგის (სამხრეთ-აღმოსავლეთის ხელბურთის ასოციაცია) გათამაშება, რომლის პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ რევაზ ჭანტურიას სტრუმიცა (მაკედონია) და სერგო დათუკაშვილის ვოივოდინა (სერბეთი). მატჩი ფრედ, 25-25 დასრულდა
სტრუმიცას მარჯვენა გარემარბმა 8 გოლი გაიტანა (11-დან 8 შედეგიანი შეტევა მარჯვენა კუთხიდან, 1 აცილებული შვიდმეტრიანი), თუმცა, მატჩის ბოლოს წითელი ბარათი მიიღო და მომდევნო შეხვედრა, სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვთან გამოტოვა – სტრუმიცა შინ დამარცხდა, 24-31 და მომდევნო შეხვედრაში სკოპიეს ვარდარს უმასპინძლებს 5 სექტემბერს.
რევაზ ჭანტურიას კლუბმა სეჰა-ლიგაზე თამაშის უფლება მაკედონიის ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავებით სკოპიეს მეტალურგს ჩამოართვა. ამის გარდა, სტრუმიცა იასპარეზებს ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე, რომელშიც ნოემბერში, მეორე წრიდან ჩაერთვება და ჯგუფურ ეტაპზე შეეცდება გასვლას. ამის გამო, ჭანტურიას კლუბი მაკედონიის ჩემპიონატში მხოლოდ დასკვნით ეტაპზე ჩაერთვება.
ნოვი სადის ვოივოდინასაც ორი საერთაშორისო ტურნირი აქვს სათამაშო და სერბულ ტიტულს ასევე ფინალური ტურნირიდან დაიცავს. სეჰა-ლიგის გარდა, ვიოვოდინა ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც C ჯგუფშია ესპანეთის ლა რიოხასთან, ბელარუსის მეშკოვ-ბრესტთან,რუსეთის ჩეხოვსკიე მედვედისთან, პორტუგალიის პორტუსთან და ტატრან-პრეშოვთან. C და D ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი ერთმანეთში ჯვარედინად ითამაშებს და ამ ორი წყვილის გამარჯვებულები ლიგის მერვედფინალში გავლენ. პირველ მატჩს ვოივოდინა 19 სექტემბერს გამართავს ბრესტში.
37 წლის ვეტერანი, სერგო დათუკაშვილი, ჯერჯერობით ცოტას თამაშობს. სტრუმიცაში მან ორი დარტყმიდან გოლი ვერ გაიტანა. ხოლო მომდევნო მატჩში, სკოპიეში, ვარდართან, ერთი ცდიდან ერთი გოლი შეაგდო 9 მეტრიდან – ვოივოდინა 27-37 დამარცხდა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან და 6 სექტემბერს ხორვატიის ნექსეს მასპინძლობს.
სეჰა-ლიგაში 10 გუნდი თამაშობს (ჩემპიონი, უნგრეთის ვესპრემი, მაკედონიის ვარდარი და სტრუმიცა, ხორვატიის ზაგრები და ნექსე, სერბეთის ვოივოდინა და სპარტაკ ვოიპუტი, ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი, სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვი და ბოსნიის ბორაცი) 2 წრედ. 4 საუკეთესო ფინალურ ოთხეულში გავა, ხოლო რომ დავუბრუნდეთ სტრუმიცა-ვოივოდინას მატჩს, სერბებმა 48-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში (25-25), ამის შემდეგ კი გოლი აღარ გასულა!
რუმინეთის ჩემპიონატი სამმა ქართველმა დაიწყო. ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი, 3 თამაშიდან 9 ქულით ლიდერობს ბუქერესტის სტიაუასთან, CSM-სთან და დუნარეა კელერაშისთან ერთად. რუსიამ 1 გოლი გაიტანა სტუმრად მოგებულ მატჩში პლოეშტისთან (30-28), შემდეგ შინ სამი გოლი შეუგდო შარშანდელ ჩემპიონ ბაია მარეს (22-18), მესამე მატჩი კი, სტუმრად, მცირე ტრავმის გამო გამოტოვა დებიუტანტ CSM ფოჩანისთან (32-20). ოდორჰეი გამოვა ასე რანგით მესამე ევროტურნირზე, ჩელენჯ კაპზე, რომელშიც, როგორც შარშანდელი გამარჯვებული, მეორე წრიდან ჩაერთვება (ამავე ტურნირს პირველი წრიდან იწყებს სკ სამტრედია, რომლის მეტოქეა კოსოვოს კლუბი კოსოვა, თამაშები 10-11 და 17-18 ოქტომბერს გაიმართება).
ოდორჰეიდან რუმინეთის უმაღლესი ლიგის დებიუტანტში, ქალაქ რეშიცას კლუბ ადრიან პეტრეაში გადავიდა საქართველოს ნაკრების მეკარე შოთა თევზაძე. რეშიცამ სეზონი კარგად დაიწყო და 3 მატჩში 7 ქულა აქვს – თევზაძის კლუბმა სტუმრად დაამარცხა ფოჩანი, 27-20 და უნივერსიტატია გალაცი, 32-27, ხოლო შინ ფრედ ითამაშა ვასლუისთან – 27-27.
ირაკლი ჩიქოვანის პოლი ტიმიშოარას ჯერჯერობით მხოლოდ 3 ქულა აქვს. კლუბი შინ დამარცხდა CSM ბუქარესტთან (23-24), სტუმრად სტიაუასსთან (21-27) და შინ მოუგო ტურდას – 29-22. ქართველმა შუამარბმა ამ სამ მატჩში 18 გოლი გაიტანა (შესაბამისად, 8, 3 და 7).
და ბოლოს, თურქეთი, სადაც ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ იქ მხოლოდ ერთი ქართველი ითამაშებს – ნაკრების მარჯვენა ინსაიდი, რატი მსხვილიძე, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა სუპერლიგის დებიუტანტ თუთუნსფორ აქჩაბათთან. რატიმ წინა სეზონი ტრაბზონსფორში დაიწყო, მაგრამ ნაკრების მატჩში აქილევსის მყესი გაიწყვიტა და სეზონი ბოლომდე გაუცდა. ამის შემდეგ, მას ფინანსური დავა ჰქონდა კლუბთან, რომელიც მოიგო და გუნდიც გამოიცვალა. ტრაბზონსფორიდან წამოვიდა მეკარე გიგა ტორონჯაძეც, ხოლო მსხვილიძის ახალ კლუბში, თუთუნსფორში აღარ ითამაშებენ ზურაბ სიმონია, ლექსო წითელიშვილი და მეკარე ირაკლი ხიდეშელი. ტრაბზონის მეზობელი ქალაქის, აქჩაბათის გუნდი შარშან პირველ ლიგაში იყო, სუპერლიგაში გადასასვლელ ტურნირში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და მიზანს ვერ უწია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამოს სუპერლიგიდან ერთი გუნდი მოიხსნა, მისი ადგილი კი ერგო თუთუნსფორს, რომელმაც ახალი მოთმაშეები აიყვანა და ძველებს კონტრაქტები აღარ გაუგრძელა.
ყველა ზემოთჩამოთვლილი ხელბურთელი საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ოქტომბრის ბოლოს შეიკრიბება. ნაკრებს მსოფლიო 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფი აქვს სათამაშო ისრაელის, ესტონეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ. ჩვეულებრივ, ეს შეჯიბრება 2 წრედ, მიმოსვლით იმართება ხოლმე, მაგრამ თუ ფედერაციები შეთანხმდნენ, შეუძლიათ ერთ წრედ, ერთ ქალაქში ითამაშონ. ამ შემთხვევაში ასეც მოხდა, შემდეგ კი გაიმართა წილისყრა, რომელმაც მასპინძლობა ისრაელის ფედერაციას არგუნა. ტურნირი გაიმართება 5-7 ნოემბერს, თელ-ავივში, დასკვნით ეტაპზე, პლეიოფში კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გავა.
იქამდე, ოქტომბერში, საშინაო სეზონი საქართველოს თასის გათამაშებით უნდა გაიხსნას.