17/01/15 პიტერ ოტულის სახე დუჰაილის დარბაზში

წამოსვლამდე ცნობები რომ მოვიძიე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, დავადგინე, რომ ლუსაილი ცალკე ქალაქია დოჰადან 24 კილომეტრში, ხოლო დანარჩენი ორი არენა დედაქალაქშია. ლუსაილის ამბავი უკვე მოგიყევით – აღმოჩნდა რომ ქალაქი მომავალში უნდა აშენდეს და ჯერ იქ მარტო სპორტის სასახლეა.

დუჰაილ არენაზეც შევმცდარვარ. ისიც თითქმის სრულად განყენებულად დგას უდაბნოში. განსხვავება ისაა, რომ ცენტრიდან უფრო ახლოა, გვერდით საფეხბურთო სტადიონი აქვს და საცხოვრებელი უბნის მშენებლობაც უკვე დაწყებულია. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მესამე, ალი ბინ ჰამად არენაც ასეთივე იქნება. მანდ ხვალ მივდივართ.

მთელი ქვეყანაც ასეა. დოჰას ქალაქს ვერც დაარქმევ, წმინდა ურბანისტული თვალსაზრისით – არის რამდენიმე დასახლება, თუ უბანი, ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებული. დგას, მაგალითად ხუთვარსკვლავიანი ოტელი და გვერდით უძევს უდაბნოს, ხრიოკის მართკუთხედი. შემდეგ კიდევ შენობა, მერე ხრიოკი, კვარტალი, უდაბნო – სხვადასხვა დასახლებული წერტილების ერთობლიობა, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დოჰა. ზღვისპირა ცათამბჯენების ცნობილ უბანს ჯერ მხოლოდ შორიდან შევავლეთ თვალი. ზღვა, ანუ სპარსეთის ყურე, ჯერ თვალითაც არ გვინახავს, სიმართლე რომ გითხრათ. არადა, საკმაოდ პატარა ნახევარკუნძულზე ვართ.

ხელბურთის დარბაზების მაგალითზე მკაფიოდ მიხვდებით 2022 წლის ფეხბურთის მუნდიალის გამართვის მთავარ მიზანს. ყატარელები აიღებენ 14 წერტილს, ანუ 14 სტადიონს, შემოუშენებენ 14 ქალაქს და ეჭვი მაქვს, რომ 2022 წელს ერთი დიდი დოჰა, ანუ ქალაქ-სახელმწიფო ექნებათ. გზები, მგონი უკვე მზადა აქვთ: ლამის ყოველ კილომეტრში თითო გზაჯვარედინია და ერთმანეთს ორი ავტობანი კვეთს.

და ამდენ გზაზე, თავისუფლად შეიძლება გზა აგერიოს. როგორც მოუვიდა გუშინ ჩვენს სუდანელ შოფერს. მის ამბავს მოგიყვებით ხვალ, როგორც შეგპირდით, თუ დღეს უფრო საინტერესო რამ არ გადაგვხდა.

ამასობაში, მოვიდნენ ტუნისელები, დაიკავეს ერთი ტრიბუნა მთლიანად და დასცხეს ნაღარა. გვერდითაც ტუნისელი კომენტატორი მიზის. ეს იმას ნიშნავს რომ ესპანეთ-ბრაზილიის მეორე ტაიმი დაწყო, რომ ტუნისელები თადარიგიანი ხალხია და დროა, ხელბურთზე გადავიდეთ.

ხელბურთში თითქმის ყოველთვის ასეა. როდესაც ერთი გუნდი მეორეზე ცოტათი უფრო კლასიანია, სერიოზული ბრძოლაა, მაგრამ სადღაც 40-45-ე წუთების მონაკვეთში უფრო ძლიერი თამაშს გარდატეხავს ხოლმე. თუ გამარჯვება დროის ამ მონაკვეთში ვერ გაინაღდა, 1-2-3 ბურთიან სხვაობას მაინც თამაშის ბოლომდე დაიჭერს და საქმეს მოგებამდე მიიყვანს. ზუსტად ასე მოუგო წინადღით საფრანგეთმა ჩეხეთს, ხორვატიამ – ავსტრიას, შვედეთმა – ისლანდიას, ესპანეთმა – ბელარუსს და მარტო დანიამ ვერ მოუგო არგენტინას – ბოლო სამ წუთში სამი გოლი გაანიავა.

ესპანეთს ბელარუსთანაც გასჭირვებია, როგორც მისკელმა კოლეგამ, ვლადიმერ ნოვიცკიმ გვითხრა. ლიდერი, ბარსელონას სიარჰაი რუტენკა დასაწყისშივე უხეშობისთვის გაგვიძევესო, მსაჯებმა მერეც დაგვჩაგრესო, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს, მინიმუმამდეც დაიყვანეს სხვაობა, მაგრამ სულ ბოლოშიღა გაგვტეხეს და მინუს ხუთი გამოგვივიდაო. ხუთით წააგეს დღესაც, სლოვენიასთან, ხოლო დრაგან გაიჩისგან 15 გოლი მიღეს.

ხოლო მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი ისევ ის გუნდია – უკან მაკედა, კანელასი, ენტრერიოსი, ხაზზე აგინაგალდე, კუთხეებში ტომასი და რივერა, კარში – სიერა. მწვრთნელმა მანუელ კანელასმა კარგად იცის რომ მსოფლიო ჩემპიონობის შესანარჩუნებლად მაინცდამაინც 9 თამაშის მოგება არაა აუცილებელი.

ესპანეთი იგებდა 6 ბურთითაც, როდესაც მარცხენა გარემარბმა ვალერო რივერამ დასაწყისში 5 გოლი შეაგდო (11-5), მაგრამ ტაიმი სულ 15-14 მორჩა, 36 წუთზე კი ბრაზილია წინაც გავიდა ჟოაო სილვას სწრაფი გარღვევის შემდეგ – 19-18. ვერ იტყვი, რომ ესპანეთი მეტოქეს კატათაგვობანას ეთამაშებოდა, მაგრამ სქემა ზუსტად ისეთი იყო, როგორც ზემოთ აღვწერე – 46-ე წუთზე კანელასმა საბოლოოდ დააწინაურა ესპანეთი, 26-24 და მსოფლიო ჩემპიონმა ეს სხვაობა დაიჭირა – 29-27.

წინა ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, ხორვატიას ორივე მატჩი მძიმე გამოუვიდა – ავსტრიასთან და ტუნისთან. ცაცია ინსაიდ ამინ ბანნურის (7 გოლი პირველ ტაიმში) წყალობით ჩრდილოაფრიკელები ჩაეჭიდნენ მეტოქეს. ხორვატიამ მხოლოდ ბოლო წამზე მანუელ შტრლეკის კუთხიდან გატანილი გოლით მოიგო ტაიმი, 14-13. ტუნისი მინიმუმ 50-ე წუთამდე შანსს ინარჩნებდა, მაგრამ ხორვატიას, როგორც ზემოთაღწერილ ფაბულაშია, 1-2 გოლი მარაგში ყოველთვის ჰქონდა.

ზუსტად ამ დროს, ჩვენს რიგში შემოაბიჯა მამაკაცმა, რომელსაც ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა და ჩემს გვერდით მჯდომ ტუნისელ კომენტატორს მობილურით სურათი გადაუღო. ნამდვილად რომ არ მხსომებოდა, რომ მსახიობი არცთუ ისე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დავიწყებდი ალბათ ძებნას, ცოცხალია თუ არა პიტერ ოტული.

ოტული მივიდა კომენტატორთან და უთხრა – მისტერ ონურ, გაჩერდით. და ეს გამორთეთ. თქვენ არ გაქვთ კომენტირების უფლება. ხომ გითხარით. კაბელი გამოთიშეთ! და წავიდა, თუმცა, კაბელი არ გამოუთიშავს. ტუნისელი კომენტატორი , როგორც ჩანს წარმოადგენდა ე.წ. უუფლებო მედიას – ტელეკომპანიას, რომელიც აკრედიტებულია, მაგრამ ტრანსლაციის უფლება არა აქვს. და მეკობრეობდა.

ონური ცოტა ხნით დადუმდა, და ორ-სამ წუთში კომენტარი განაგრძო, თუმცა, მის გუნდს უკვე წაგებული ჰქონდა. 25-28. ასეთივე სიუჟეტის მიხედვით, დღეს მაკედონიამ დაამარცხა ირანი – 33-31, ავსტრიამ – ბოსნია – 23-21, ყატარმა კი ბევრით მოუგო ჩილეს – 27-20.

ოტული აღარ გამოჩენილა. ეხლა არ მითხრათ, სურათი რატომ არ გადაუღეო. მეორედ თუ შემხვდა, უსათუოდ დავშოტავ.

მამუკა ჩიხლაძე – სპეციალურად, ყატარიდან

ლუკა ნაკაშიძის ფოტო: 16 იანვარი, გერმანია-პოლონეთი. უტევს პატრიკ გრიოცკი

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

17 იანვარი

A ჯგუფი

ბრაზილია 27 – ტოლედო 5, რიბეირო 5

ესპანეთი 29 – კანელასი 11/9 (5/5 პენ), რივერა 8/7, აგინაგალდე 5/4

ბელარუსი 29 – ძ. რუტენკა 6, ბაბიჩევი 5, ს. რუტენკა 4, პუხოუსკი 4,

სლოვენია 34 – გაიჩი 15, სკუბე 4

ჩილე 20 – ონეტო 5, სალინასი 4

ყატარი 27 – მარკოვიჩი 11

სლოვენია 4, ყატარი 4, ესპანეთი 4, ბრაზილია 0, / ბელარუსი 0, ჩილე 0

19 იან, 18:00 ესპანეთი-ჩილე (3), 18:00 ბელარუსი – ბრაზილია (1), 20:00 სლოვენია-ყატარი (1)

—-

B ჯგუფი

ტუნისი 25 – ბანნური 13/9, სანაი 3/7

ხორვატია 28 – ჩუპიჩი 10/8 (5/5 პენ), შტრლეკი 8/7, კოპლიარი 7/4, დუვნიაკი 10/3, ვორი 3/3

ირანი 31 – ა. ესტეკი 9, ნადრი 8, ს. ესტეკი 7

მაკედონია 33 – კ. ლაზაროვი 9, პრიბაკი 5, ნედანოვსკი 4

ავსტრია 23 სილაგი 4, ვებერი 4,

ბოსნია 21 – მალინოვიჩი 6, ბურიჩი 4

 

მაკედონია 4, ხორვატია 4, ავსტრია 2, ბოსნია 2 / ირანი 0 ტუნისი 0

19 იან, 20:00 ბოსნია-მაკედონია (2), 20:00 ხორვატია-ირანი (3), 22:00 ავსტრია-ტუნისი (2)

—–

C ჯგუფი

ეგვიპტე 2, შვედეთი 2, საფრანგეთი 2, ჩეხეთი 0 / ისლანდია 0, ალჟირი

18 იან, 20:00 ისლანდია-ალჟირი (2), 22:00 ჩეხეთი-შვედეთი (2), 22:00 ეგვიპტე-საფრანგეთი (3)

D ჯგუფი

რუსეთი 2, გერმანია 2, დანია 1, არგენტინა 1 / პოლონეთი 0, საუდის არაბეთი 0

18 იან, 20:00 არგენტინა-პოლონეთი (3), 20:00 გერმანია-რუსეთი (1), 22:00 საუდეთი-დანია (1)

ლუსაილ სპორტარენა – 15 300 (1)

ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა – 7 700 (2)

დუჰაილ არენა, დოჰა – 5 500 (3)

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

 

Leave a Reply