26/05/14 ვერცხლი რუმინეთში და ბრინჯაო მაკედონიაში
ქართველი ხელბურთელების, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას გუნდმა შტიინცა ბაკეუმ, ზედიზედ მესამედ, მეორე ადგილი დაიკავა რუმინეთის ჩემპიონატში, ხოლო რევაზ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მაკედონიაში, ზომიმაკ-სტრუმიცას შემადგენლობაში.
ბოლო მატჩში ბაკეუმ 24:19 დაამარცხა კონკურენტი, კონსტანცა და ქულებით დაეწია (9-9), მაგრამ პირადი მატჩებით ჩემპიონი კონსტანცა გახდა, რადგან პირველი მატჩი ბაკეუსთვის 27:18 ჰქონდა მოგებული. საკუთარ მოედანზე ბაკეუ 5:0 დაწინაურდა და მთელი მატჩი იგებდა 3-6 ბურთით, მაგრამ სასურველ სხვაობას ვერ მიაღწია. რუსია სასტარტო შემადგენლობაში იყო, გოლი არ გაუტანია, მაგრამ დაცვაში შეუცვლელად თამაშობდა 44-ე წუთამდე, როდესაც მესამედ გააძევეს ორი წუთით და წითელი ბარათით დატოვა მოედანი.
შოთა თევზაძეს ბაკეუსთან კონტრაქტი დაუსრულდა. კლუბის ვებგვერდზე მას, მთავარ მწვრთნელ ელიოდორ ვოიკას და გუნდის ორ ლიდერს, ქრისტიან გიტას და ბრაზილიელ ველინგტონ და სილვას გუნდისა და ქალაქის ხელმძღვანელობა წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.
მეშვიდე ადგილი დაიკავა ტიმიშოარას პოლიტექნიკამ, ვინც ფინალურ ტურნირში ოთხივე მატჩი მოიგო. ბოლო ტურში ტიმიშოარამ 34:31 მოუგო ბაია მარეს, ხოლო გუნდის ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა 8 გოლი გაიტანა.
მაკედონიაში სტრუმიცამ ბოლო ორი თამაში წააგო იქაურ გრანდებთან – ვარდართან და მეტალურგთან (21:27, 27:32, რეზო ჭანტურიამ ვარდართან 6 გოლი გაიტანა), მაგრამ პელისტერს მაინც 2 ქულით გაასწრო (15-13) და მესამე ადგილი დაიკავა. სკოპიეს ორმა გუნდმა 27-27 ქულა დააგროვა, მაგრამ პირადი შეხვედრით ჩემპიონი მეტალურგი გახდა.
ფოტო: თევზაძე, რუსია და შტიინცა ბაკეუ სეზონის დასრულების შემდეგ