09/10/13 პრესკონფერენცია ხელბურთის ფედერაციაში

10 ოქტომბერს იწყება საქართველოს ჩემპიონატი კაცთა გუნდებს შორის. დღეს ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია.

ფედერაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიაშვილი.

ზურაბ კაკაბაძე: – ბოლო წლებთან შედარებით, წლევანდელი ჩემპიონატი ბევრად უფრო წარმომადგენლობითი და საინტერესო იქნება. სადღეისოდ კაცთა 8 გუნდი გვყავს. დაგვემატა თელავისა და ქუთაისის კლუბები. წლეულს შეიქმნა ორი ახალი სახელბურთო კლუბი თბილისში, პეგასი და იმედი, რომელთაც საინტერესო შეხამება ექნებათ გამოცდილი და ახალგაზრდა ხელბურთელებისა. მაგალითად, პეგასში ითამაშებს ქართული ხელბურთის ორი ვეტერანი, ტიტე კალანდაძე და ლევან გელაშვილი. გარდა ამ გუნდებისა, ჩემპიონატში ასპარეზობენ შარშანდელი ჩემპიონი სტუ, ქუთაისი, ბათუმი და ასევე 1998-99 წლებში დაბადებული ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც სპეციალური პროგრამით ემზადება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის.

ვახტანგ ბერიაშვილი: – გარდა რაოდენობისა, გაიზრდება კონკურენციაც. განსხვავებით შარშანდელი ჩემპიონატისგან, რომელიც სტუ-მ უპრობლემოდ მოიგო, წლევანდელი მონაწილეების შემადგენლობები გაცილებით უფრო თანაბარია, რის გამოც ძალიან სერიოზულ ბრძოლას მოველით ჩემპიონობისთვის. თავისთავად, ტურნირი უფრო საინტერესოც იქნება. ახალი კლუბების შექმნით საშუალება მოგვეცა, ხელბურთში დაგვებრუნებინა ან დაგვეტოვებინა ახალგაზრდები, რომლებიც ჭაბუკთა ასაკიდან გამოვიდნენ და დიდ ხელბურთში ასპარეზი არ ჰქონდათ.

ზურაბ კაკაბაძე: – ჩვენ გვინდა, რომ ხელბურთი ვაქციოთ ერთ-ერთ წამყვან სათამაშო სახეობად და ეროვნულ თამაშად, ისე, როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი გვაქვს. ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ, 15 ოქტომბერს უკვე ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის. ნაკრების წევრთა უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს. 20 ოქტომბრიდან უკვე დაგვემატებიან ლეგიონერები, ხოლო 25 ოქტომბერს ახალ მწვრთნელ, სერბ ჯორჯე რასიჩთან ერთად გავემგზავრებით უკრაინაში, სადაც ორ საკონტროლო მატჩს გავმართავთ, 30 ოქტომბერს კი უკვე პირველი შესარჩევი თამაში გვაქვს პანევეჟისში, ლიტვის ნაკრებთან, შემდეგ კი, 3 ნოემბერს, ფინეთს ვმასპინძლობთ. ჯგუფში მესამე მეტოქეა თურქეთი. პირველი ორი საშემოდგომო მატჩის შემდეგ, შესარჩევი ტურნირი იანვარში დასრულდება. გამარჯებული პლეიოფში გადის.

რიგაში გამართული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელბურთო სემინარის შესახებ ისაუბრა გენერალურმა მდივანმა ქეთევან კობერიძემ, შემდეგ კი ორი შეკითხვა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და 2017 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს შეეხო.

ზურაბ კაკაბაძე: – 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი იმ მოტივით შევიტანეთ, რომ თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის უკვე კარგად მომზადებული გუნდი გვეყოლება და ორი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იმავე ასაკის, 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს უწევთ. სახელბურთო ინფრასტრუქტურაც განვითარდება, რაშიც სახელმწიფო, სპორტის სამინისტრო ყოველგვარ მხარდაჭერას გვპირდება. თავდაპირველად მასპინძლობის სამი კანდიდატი იყო, მაგრამ კორეა საერთაშორისო ფედერაციამ დაიწუნა – დავრჩით საქართველო და ხორვატია. ხორვატებს სხვა ტურნირზეც აქვთ შეტანილი განაცხადი, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ძალიან კარგი შანსები გვაქვს. ყველაფერი გადაწყდება 27 ოქტომბერს, ყატარში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე.


საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი

8 მონაწილე გუნდი ორ, აღმოსავლეთ (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი) და დასავლეთ (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ქვეჯგუფად არის დაყოფილი. შეჯიბრება იწყება საერთო ტურით, რომელშიც ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების გუნდები ეთამაშებიან. აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების ტურები ნოემბერში გაიმართება თბილისსა და სენაკში, რის შემდეგადაც დასრულდება პირველი წრე.

ჩემპიონი გამოვლინდება 2014 წლის გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შემდეგ.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს სპორტკომპლექს არენაში (საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება, ხოლო კვირას ტურნირი გლდანის ხელბურთის დარბაზში დასრულდება.

 

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

10 ოქტომბერი, ხუთშაბათი. სპორტკომპლექსი არენა

13:00 იმედი – ჭაბუკთა ნაკრები

14:20 ქუთაისი – თელავი

15:40 სტუ – სამტრედია

17:00 ბათუმი – პეგასი

11 ოქტომბერი, პარასკევი. არენა

13:30 თელავი – ბათუმი

14:50 სამტრედია – იმედი

16:10 პეგასი – ქუთაისი

17:30 ჭაბუკთა ნაკრები – სტუ

12 ოქტომბერი, შაბათი. არენა

14:30 პეგასი – ჭაბუკთა ნაკრები

15:50 ბათუმი – იმედი

17:10 სამტრედია – თელავი

18:30 სტუ – ქუთაისი

13 ოქტომბერი, კვირა. გლდანი

11:00 სტუ – ბათუმი

12:30 სამტრედია – პეგასი

14:00 ქუთაისი – იმედი

15:30 ჭაბუკთა ნაკრები – თელავი

 

Leave a Reply