„ბარსელონას“ ხელბურთის აკადემიის კემპი თბილისში წარმატებით დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ „ბარსელონას აკადემიის“ ოფიციალურ ბანაკს — Barça Academy Handball Camp Georgia 2026-ს უმასპინძლა. ერთკვირიანი ინტენსიური შეკრების ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატებიდან, სასკოლო ფესტივალებიდან და სხვადასხვა სექციებიდან შერჩეულმა ათეულობით პერსპექტიულმა გოგო და ბიჭმა, ასევე ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებმა, უმაღლესი დონის მომზადება გაიარეს.

სავარჯიშო პროცესს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, „ბარსელონას“ ესპანელი სპეციალისტები უძღვებოდნენ. მოთამაშეებთან ერთად, სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადამზადდნენ ქართველი მწვრთნელებიც, რომლებმაც საერთაშორისო გამოცდილება უშუალოდ ესპანელი კოლეგებისგან გაიზიარეს.

ვახტანგ მეიფარიანი (საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი სპორტის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის. ერთკვირიანმა შეკრებამ წარმატებით ჩაიარა. ესპანელი მწვრთნელები კმაყოფილები დარჩნენ როგორც შეთავაზებული პირობებით, ისე ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადების დონით.

ყველა მონაწილემ უდიდესი გამოცდილება და ახალი უნარები შეიძინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მწვრთნელების გადამზადება, რაც ჩვენი ხელბურთის განვითარების საძირკველია. „ბარსელონასთან“ თანამშრომლობა და კემპის პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება — ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხელბურთის პოპულარიზაციას და მასში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ.“

ღონისძიების საზეიმო დახურვაზე ყველა მონაწილეს „ბარსელონას“ ბანაკში მონაწილეობის სერტიფიკატი გადაეცა. კვირეულის განმავლობაში გამოვლენილმა საუკეთესო მოთამაშეებმა კი სპეციალური სიგელები მიიღეს:

  • 14 წლამდე გოგონები: თამარ ბერუაშვილი, ელენე მარკელია, მარიამ სამსონიძე, ლიზი ლაზიშვილი.
  • 14 წლამდე ბიჭები: სანდრო ამირანაშვილი, ნიკოლოზ ზურაბიანი, ლევან მოლაშვილი, ანდრია ქევხიშვილი.
  • 16 წლამდე გოგონები: ანასტასია ესართია, ლიზი კვესელავა, მარი დანელია, ბარბარე დანელია.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და FC Barcelona-ს თანამშრომლობით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

Leave a Reply