შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

27/11/14 რუსიას და თევზაძის კლუბმა პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატში ოდორჰეიმ შინ 28:26 დაამარცხა პოტაისა ტურდა და მეორე ადგილზეა. პირველი წრის დასრულებამდე სულ 2 მატჩია დარჩენილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი მეორე წრეს მეორე ადგილზე დაიწყებს.

თევზაძე ოდორჰეის კარში იდგა, ხოლო რუსიამ 4 გოლით თვალსაჩინო წვლილი შეიტანა შარშანდელი ჩემპიონატის მესამე პრიზიორთან გამარჯვებაში. მასზე მეტი გაიტანეს მხოლოდ კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა ანდრეი მიჰალჩამ (8) და გორან კუზმანოვსკიმ (6). თამაში დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო წუთზე გაირკვა.

თამაშისშემდგომ პრესკონფერენციაზე ოდორჰეის ვლადიმერ რუსია წარადგენდა. საქართველოს ნაკრების შუამარბმა თქვა: - ამ თამაშში ჩვენთვის აუცილებელი იყო სამი ქულის მოპოვება, ყველა სხვა შედეგი წარუმატებლობა იქნებოდა. ჩვენ შევძელით მიზნის მიღწევა, ისევე როგორც წინა ორ მატჩში, რამაც მეორე ადგილზე დაბრუნების საშუალება მოგვცა. მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაგუნდელს, ვინც მოგებაში წვლილი შეიტანა.

ოდორჰეი წინა ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, წინა წლებში კი ყოფილა ვერცხლისა (2011) და ბრინჯაოს პრიზიორი (2012, 2013). სამივე ამ წარმატებაში რუსიამ დიდი წვლილი შეიტანა, შემდეგ კი ერთი სეზონით გადავიდა შტიინცა ბაკეუში, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა თევზაძესთან ერთად, შემდეგ კი, ორივე ქართველი ოდორჰეიში გადავიდა. მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში რუსიას 38 გოლი აქვს გატანილი.

წლის ბოლომდე ოდორჰეის დარჩა კიდევ ორი მატჩი რუმინეთის ჩემპიონატში და ერთი - რუმინეთის თასზე. ოდორჰეი ევროპის ჩელენჯ კაპზეც თამაშობს და უკვე გასულია მერვედფინალში.

ქვეყნის პირველობაზე ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი ბრძოლას პლეიოფში განაგრძობს. მერვე ადგილზეა კიდევ ერთი ქართველის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, პოლი ტიმიშოარა, ქართველი კი 12 მატჩში გატანილი 55 გოლით კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.

ხელბურთი. რუმინეთის ჩემპიონატი. 1. CSM ბუქარესტი 25 ქულა (11 თამაშიდან) – 2. ოდორჰეი 24 (12) – 3. კელერაში 21 (12) – 4. ბაია მარე 21 (12) – 5. კონსტანცა 20 (11) – 6. დინამო ბუქარესტი 19 (11) – 7. სტიაუა 19 (12) – 8. ტიმიშოარა 16 (12) – 9. ბაკეუ 15 (11) – 10. ტურდა 13 (12) – 11. ვასლუი 12 (12) – 12. სუჩავა 8 (12) – 13. ტარგუ ჟიუ 6 (12)

ფოტო: ვლადიმერ რუსია (მარჯვნივ) პრესკონფერენციაზე