შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

21/07/2014 მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის ადგილი გერმანიას მიანიჭეს

გუშინ დოჰაში გაიმართა 2015 წლის კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა. 24 გუნდი 4 ჯგუფად განაწილდა.

A ჯგუფი: ესპანეთი, სლოვენია, ყატარი, ბელარუსი, ბრაზილია, ჩილე

B ჯგუფი: ხორვატია, ბოსნია, მაკედონია, ავსტრია, ტუნისი, ირანი

C ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ალჟირი, ჩეხეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები

D ჯგუფი: დანია, პოლონეთი, რუსეთი, არგენტინა, ბაჰრეინი, გერმანია

წილისყრას წინ უცნაური ამბები უძღოდა. რამდენიმე დღის წინ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ გამოაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებდა ავსტრალიის ნაკრები, იმ მიზეზით, რომ ოკეანიის კონფედერაცია ჯერჯერობით IHF-ს სრულუფლებიანი წევრი არაა. ავსტრალიის ადგილი უბოძეს გერმანიას, რომელიც ევროპის პლეიოფში პოლონეთთან დამარცხდა. გერმანია შეირჩა, როგორც საუკეთესო შედეგის მქონე იმ გუნდებიდან, რომლებმაც 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს, მაგრამ 2015 წლის ტურნირზე ვერ მოხვდნენ. 2013 წლის მუნდიალზე გერმანიამ მეხუთე ადგილი დაიკავა.

არადა, ევროპული რეიტინგის მხრივ ადგილი ეკუთვნოდა ისლანდიას, რომელიც ევროპის ბოლო ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ისლანდიელები ჩივიან, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილი გერმანიას ერგო და ეჭვია, რომ ცვლილება სპეციალურად ამ გუნდისთვის მოხდა. რაც შეეხება ავსტრალიას, გუნდი 1999 წლიდან შვიდჯერ მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატზე და, ერთის გარდა, ყველა შემთხვევაში ბოლო ადგილზე დარჩა.

გერმანიის ნაკრები ორგზის ოლიმპიური, სამგზის მსოფლიო (უკანასკნელად 2007 წლის) და 2004 წლის ევროპის ჩემპიონია, მაგრამ ბოლო სამ დიდ ტურნირზე - 2012 ოლიმპიადაზე, 20114 წლის ევროპის ჩემპიონატზე და 2015 წლის მსოფლიო პირველობაზე კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაიმართება ყატარში. ჯგუფების 4-4 საუკეთესო გუნდი ბრძლას პლეიოფში განაგრძობს.

ივლის-აგვისტო ხელბურთში მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების პერიოდია. ერთ ასეთი ტურნირი უკვე დასრულდა. ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ქალებს შორის, ხორვატიაში, მოიგო კორეის გუნდმა, ვინც ფინალში 34:27 დაამარცხა რუსეთი, ბოლო ბრინჯაოს მედლისთვის დანიამ მოუგო გერმანიას - 21:20. 18-წლამდელ ქალთა მსოფლიო პირველობა 20 ივლისს დაიწყო მაკედონიაში.

ლუწ წლებში კაცებს 20 და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები აქვთ (24 ივლისიდან 3 აგვისტომდე ავსტრიაში და 14-24 აგვისტოს პოლონეთში), ხოლო კენტ წლებში - 19 და 21-წლამდელთა მსოფლიო პირველობა, ხოლო ქალები გაისად 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებს გამართავენ.

და კიდევ ერთი ტურნირი, რომელსაც კავშირი აქვს 2015 წელს თბილისში დანიშნულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან. შვედეთის ქალაქ პარტილეში დასრულდა ტრადიციული ტურნირი, 18-წლამდელთა ევროპის ღია პირველობა გოგონათა შორის, რომელიც მოიგო რუსეთის გუნდმა, შემდგომ ადგილებზე გავიდნენ დანია, ნორვეგია და ჩეხეთი. საქმე ისაა, რომ 2015 წლის თბილისის ფესტივალის სახელბურთო ტურნირებს მონაწილეებს ევროპის ხელბურთის ფედერაცია აარჩევს სწორედ ამ ტურნირის და 18-წლამდელთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ხოლო ჭაბუკებში - 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან.

საბოლოოდ, სექტემბრის ბოლოს, ევროპის ხელბურთის ფედერაცია თბილისი-2015-ის ორგკომიტეტს გამოუგზავნის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირის 7-7 მონაწილე ქვეყნის სიას. მერვე გუნდი ორივე შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები იქნება. ტურნირში 1998-99 წლებში დაბადებულები ითამაშებენ.