31/0514 ფინალი გერმანულია, ბარსელონამ 6 ბურთი გაანიავა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კვირას, კიოლნში ორი გერმანული გუნდი ითამაშებს – კილი და ფლენზბურგი.
ნახევარფინალში, მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ (17:18), ჩემიონთა თასის რვაგზის მფლობელმა ბარსელონამ თითქოს გატეხა ფლენზბურგი და 53-ე წუთზე 32:26 უგებდა, მაგრამ დარჩენილ 7 წუთში კატალონიელებმა გოლი ვეღარ გაიტანეს. ბოლო შეტევაში, დასრულებამდე 10 წამით ადრე ბარსელონას ბურთი ჩამოერთვა, ხოლო სწრაფ შეტევაში ჰოლგერ გლანდორფმა ბოლო წამზე გაათანაბრა – 32:32.
დამატებით დროში ბარსა ისევ დაწინაურდა 2 ბურთით, მაგრამ ფლენზბურგმა აქაც გააყაიმა ანგარიში, ხოლო ნიკოლა კარაბატიჩის ბოლო ტყორცნა დასრულებამდე 3 წამით ადრე მეკარე რასმუსენმა მოიგერია – 36:36.
დაინიშნა შვიდმეტრიანების სერია, რომელშიც ერთადერთმა მოთამაშემ ვერ გაიტანა – ეს იყო ბარსელონას ფრანგი ლიდერი კარაბატიჩი, ვისაც მათიას ანდერსონმა აუღო. ფლენზბურგმა ჯამში 41:39 გაიმარჯვა.
კილი პირველ ტაიმში სამი ბურთით აგებდა უნგრულ ვესპრემთან, მაგრამ შესვენებისთვის ანგარიში გაათანაბრა – 13:13, ხოლო ამის შემდეგ გერმანული კლუბის მეორე მეკარემ ანდრეას პალიჩკამ 12 ბურთი მოიგერია. მის გარდა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ისლანდიურმა დუეტმა – გამთამაშებელმა პალმარსონმა და გარემარბმა სიგურდსონმა, ასევე დაცვის ბურჯმა, პატრიკ ვინჩეკმა, ხოლო უნგრელების ლიდერმა, ლასლო ნადმა ათი დარტყმიდან მხოლოდ 4 ბურთი შეაგდო. კილმა 29:26 მოიგო.
ამგვარად, ფინალში ითამაშებენ გერმანიის ჩემპიონი კილი და ფლენზბურგი, რომელსაც ჩემპიონთა თასის 2 ფინალი აქვს წაგებული, მათ შორის – 2007 წელს – კილთან. კილი ტურნირის სამგზის გამარჯვებულია და სამი ფინალი აქვს წაგებული. 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ლიგაში ოთხთა ფინალის ფორმატი შემოიღეს, კილმა ორჯერ, 2010 და 2012 წლებში მოიგო ტურნირი.
ფოტო: ბარსელონა – ფლენზბურგი
ჩემპიონთა ლიგა. კაცები. ნახევარფინალი.
31 მაისი, კიოლნი, ლანქსეს არენა. 20 000 მაყურებელი
ვესპრემი (უნგ) – კილი (გერ) 26:29
ვეს: ალილოვიჩი, ფაზეკაში – ილიჩი 5, უგალდე 4, ნადი 4, რუესგა 3, როდრიგესი 2, ვილოვშკი 2, სულიჩი 2, გ. ივანჩიკი 2, ტ. ივანჩიკი 1, გუიაში 1, შუხი, მოჩაი, ჯამალი, ტერზიჩი
კილ: შოსტრანდი, პალიჩკა – პალმარსონი 7, სიგურდსონი 6, იხა 4, ვინჩეკი 3, ეკბერგი 3, შპრენგერი 2, ვუინი 2, ტოფტი 1, ზაიცი 1, ლაუგე, იალუზი, კლაინი
ბარსელონა (ესპ) – ფლენზბურგი (გერ) 39:41 (32:32, 36:36, 3:5 პენ)
ბარ: სარიჩი, შტერბიკი – ლაზაროვი 6, კარაბატიჩი 6, ტომასი 6, ხუანინი 5, ნოდესბო 5, რუტენკა 4, ენტრერიოსი 4, სორენდო 2, მოროსი 1, გურბინდო, სარმიენტო, საუბიჩი, სტრანოვსკი, ბენგოეჩეა
ფლ: ანდერსონი, რასმუსენი 1 – გლანდორფი 8, ვაინჰოლდი 8, მოგენსენი 6, ეგერტი 6, ვანე 3, ნენადიჩი 2, სვანი 2, გოტფრიდსონი 2, რადივოევიჩი 2, კნუდსენი 1, კარლსონი, ჰაინლი, გუსტავსონი, ბოგუნოვიჩი
1 ივნისი. მესამე ადგილისთვის
17:15 ბარსელონა – ვესპრემი
ფინალი, 20:00
კილი – ფლენზბურგი