29/01/15 გოგონათა ნაკრები  ბელარუსში გაემგზავრა

საქართველოს ოლიმპიური, ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა ნაკრები 29 იანვარს, დილით გაემგზავრა ბელარუსში და 3 თებერვლამდე ხუთ საწვრთნელ მატჩს გამართავს.

 

გუნდმა ტურნემდე შეკრება გაიარა გლდანში, ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში. სამწუხაროდ, ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია. კარგა ხანია, ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს მეკარე ქრისტინე ჯავახია, ხოლო ამჟამად დაშავებულია დამწყები შვიდეულის ორი მოთამაშე – თათია გადელია და ქეთევან ვენეცკი. შესაბამისად, როლანდ ერაძემ მინსკში მხოლოდ 13 ხელბურთელის წაყვანა მოახერხა.

 

გოგონების 17 წ ნაკრები ბელარუსში. კარში: თინათინ ყაველაშვილი, თამარ ჩაჩუა (პეგასი) – ხაზზე: მედეა ჩოხელი (პეგასი), თამთა თეთრაშვილი (ყვარელი) – კუთხეებში: ქრისტინე ღვალაძე, თამარ გიორგაძე (მამული), თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), მარიამ მიხელიძე (ყვარელი) – უკანა ხაზი: ანა ყველაშვილი, ნინო გაბისონია (მამული), თინათინ ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი), მაია ბერიძე (პეგასი)- მთავარი მწვრთნელი როლანდ ერაძე, მწვრთნელი გიორგი გვაზავა, ექიმი ანა ხუბულური, მენეჯერი ინა ჭკუასელი, დელეგაცის ხელმძღვანელი დიმიტრი აბესაძე

 

გოგონათა ნაკრებს წლეულს ორი სერიოზული ტურნირი ელის – ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის გარდა (თბილისი, 26 ივლისი – 1აგვისტო), ისინი ითამაშებენ ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს (ქუთაისი, 20-22 მარტი). ოთხგუნდიანი ჯგუფიდან (ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, საქართველო) ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.

 

ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ გოგონები კლუბებს დაუბრუნდებიან და თებერვალში საქართველოს ჩემპიონატის ტურს გამართავენ 1998-99 წლებში დაბადებულებს შორის. 21-28 თებერვალს კიდევ ერთი შეკრებაა, 1-6 მარტს ნაკრებს პოლონეთში უნდა ჰქონდეს საკონტროლო თამაშები, ამის შემდეგ კი გუნდი უშუალოდ ევროპის ჩემპინატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოემზადება.

 

გარდა ამისა, მაისში დაგეგმილია ტურნე უკრაინაში, ხოლო 15-21 ივნისს, თბილისში, საერთაშორისო ტურნირი – ჯემალ ცერცვაძის თასი. ასეთივე ინტენსიური გრაფიკი აქვს ჭაბუკთა ნაკრებსაც, რომელიც თბილისი-2015 ფესტივალისთვის ემზადება.

 

დაზუსტდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეთა ვინაობა. გოგონათა ტურნირისთვის შერჩეულმა შვიდივე უძლიერესმა ევროპულმა ნაკრებმა თბილისში ჩამოსვლა დაადასტურა. ამგვარად, გოგონათა ტურნირის შემადგენლობა ასეთი იქნება: რუსეთი, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, რუმინეთი, გერმანია, მონტენეგრო და საქართველო.

 

ჭაბუკთა ტურნირზე მოწვეულთაგან ჯერჯერობით მხოლოდ ესპანეთს არ მოუწერია თანხმობის დასტური. ასეთ შემთხვევაში ესპანეთს პირველი სარეზერვო ნაკრები, შვეიცარია შეცვლის. ჭაბუკთა ტურნირის შემადგენლობა ასეთია – საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი (შვეიცარია) დანია, სლოვენია, ნორვეგია, შვედეთი და საქართველო. ორივე ტურნირის წილისყრა 24 აპრილს გაიმართება თბილისში.

Leave a Reply