ბოლო ორი ათწლეულის ქართული ხელბურთის გამორჩეულ სახეს - შოთა თევზაძეს დღეს 40 წელი შეუსრულდა.

შოთამ ხელბურთის თამაში გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპეციალიზირებულ სახელბურთო სკოლაში დაიწყო. პირველი მწვრთნელი რეზო ჭანტურია გახლდათ.

ნიჭიერი შეგირდი თავის რიგებში იმ დროისათვის ქვეყნის საუკეთესო კლუბმა - „შევარდენმა“ -მიიწვია. „შევარდენში“ შოთას ოსტატობა კიდევ უფრო ამაღლდა და მალევე გახდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე, 1999 წლიდან კი ეროვნული ნაკრების კარის დაცვაც ანდეს.

შოთა თევზაძეს ევროპულ გუნდებშიც უთამაშია და ერთ-ერთი მათგანის, რუმინული „ოდორჰეის“ შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ტურნირის - „ჩელენჯ-კაპის“ გამარჯვებულიც გახდა. მის კარიერაში კიდევ სამიოდე რუმინული კლუბია: „ბაკაუ“, „რეშიცა“ და „ფოქშანი“; ასევე თურქულ, ბერძნულ, სერბულ, შვედურ და ისლანდიურ კლუბებშიც მოუწია ასპარეზობა.

შოთა თევზაძე ყველგან მაღალ შეფასებას იმსახურებდა და კლუბების ხელმძღვანელები თუ გულშემატკივრები დიდად ემადლიერებოდნენ; არც ქართველ გულშემატკივარს დაუშურებია აპლოდისმენტები და გულწრფელ ოვაციას მუდამ გამოხატავდა ქართველთა კარის დარაჯის მაღალი ოსტატობის ყოველ გამოვლინებაზე.

ნაკრებში 21 წლიანი კარიერა ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას და ჩვენც მადლობა უნდა გადავუხადოთ შოთა თევზაძეს ასეთი ხანგრძლივი და ერთგული მსახურებისათვის.

პროფესიული კარიერა შოთამ გასულ წელს დაასრულა და უმალ ჩადგა ქართული ხელბურთის სამსახურში: დღეისათვის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და ამავე დროს ეროვნული ნაკრების მეკარეთა მწვრთნელია.

ვულოცავთ შოთა თევზაძეს 40 წლის იუბილეს და წარმატებას ვუსურვებთ როგორც პირად, ისე - პროფესიულ საქმიანობაში!

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: