ქართულ ხელბურთს ერთი შესანიშნავი ადამიანი გამოაკლდა: ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გია სვიმონიშვილი გარდაიცვალა.

გია სვიმონიშვილი 1961 წლის 18 მარტს დაიბადა თელავში. ბავშვობიდანვე სპორტის დიდი სიყვარული გამოარჩევდა. განსაკუთრებით ხელბურთს წყალობდა და იყო კიდეც კახეთის რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო ხელბურთელი.

თელავის და, მთლიანად კახეთის, სახელბურთო საძირკველი ლეგენდარულმა თამაზ ანთაძემ გაჭრა, მრავალი ახალგზარდა დააინტერესა სპორტის ამ სახეობით და მათ შორის იყო გიაც. სიყვარული მალე დიდ ერთგულებაში გადაიზარდა და ბატონ თამაზს გია სვიმონიშვილი ახალგაზრდული წლებიდანვე გვერდში ამოუდგა როგორც კოლეგა და კახეთის რეგიონში ხელბურთის განვითარებაზე ზრუნვა ითავა: ჯერ როგორც მწვრთნელმა და შემდეგ - როგორც ფუნქციონერმა.

გია სხვადასხვა წლებში გახლდათ თელავის სპორტთამაშების სკოლის დირექტორი და თელავის სპორკომიტეტის თავმჯდომარე; გარდაცვალებამდე კი ჩოგბურთის სპეციალიზირებულ სკოლას ხელმძღვანელობდა.

სრულიად ყმაწვილმა - 22 წლისამ დაიწყო მწვრთნელობა და მალევე დაიგდო საქმის მცოდნისა და პროფესიონალის სახელი. უმოკლეს დროში თელავის სახელბურთო კლუბმა მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწია და მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატების, სპარტაკიადებისა თუ სხვადსხვა რანგის რესპუბლიკურ თამაშებზე მუდამ პრიზიორთა შორის ხვდებოდა.

ამ დროს გამოჩნდნენ ასპარეზზე და შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს ზურაბ ტროყაშვილმა, მამუკა ჟორჟოლიანმა, ზაზა ბადურაშვილმა, ანდრო ანდრიაშვილმა და სხვებმა.

სამწვრთნელო წარმატების კვალდაკვალ გია სვიმონიშვილს რეგიონის ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ანდეს და შედეგი აქაც სამაგალითო მიიღო: სრულად შეინარჩუნა თამაზ ანთაძის მოტანილი სახელბურთო მუხტი, გააგრძელა ტრადიცია და უფრო მაღალ საფეხურზეც აიყვანა.

ხელმძღვანელობის გამორჩეულმა ნიჭმა და უნარებმა თელავის მერობამდეც მიიყვანა - 2005-06 წლებში მართავდა ქალაქს და აქაც დიდი სიყვარულით და პროფესიონალიზმით დაამახსოვრა თანაქალაქელებს თავი. ამიტომაც იყო, რომ შემდეგშიც არაერთხელ ენდნენ თელაველები გიას და საკრებულოს დეპუტატის მანდატიც რამდენჯერმე მოიპოვა.

ყველაზე მთავარი კი, რაც გია სვიმონიშვილის მონაგარია, თელაველთა და, არა მარტო თელაველთა, ჭეშმარიტი სიყვარულია! განსაკუთრებული პიროვნული თვისებები გამოარჩევდა - ყველას შემწე და მოამაგე, უშურველი კაცი იყო; სიყვარულით სავსე დიდი გულის მატარებელი, მუდამ კეთილგანწყობას გამოხატავდა. ჩვენც, მათ მეგობრებს, ნაცნობებს თუ საქმიან პარტნიორებს დღენიადაგ მომღიმარი, სათნო სახის და დინჯად მოსაუბრე გვახსოვს.

საპასუხო თანაგრძნობაც არ უგვიანდებოდა და პატივისცემას და სიყვარულს სხვებისგანაც გრძნობდა. ამ სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება გახლდათ მისთვის შერქმეული ზედმეტსახელი - „სიო“.

„ჩვენი სიო“, - ასეთად დარჩება ის ყველასათვის - მეგობრებისთვის, თელავისათვის, კახეთისა და დაობლებული ქართული სახელბურთო ოჯახისათვის!

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გია სვიმონიშვილის ოჯახს და გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, ღირსეული მოქალაქის უდროოდ გარდაცვალების გამო.

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: