შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

ბათუმმა თასი მესამედ მოიპოვა

ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ ფინალში 30-25 დაამარცხა ხელბურთის კლუბი ქუთაისი და საქართველოს თასი მესამედ მოიპოვა 2015 და 2019 წლების შემდეგ. 

ამავე გუნდებს შარშანდელი ფინალი, ერთი წლის წინ, ბათუმმა 27-20 მოიგო. ქუთაისს რევანში ეწადა. 

პირველმა ტაიმმა ძირითადად უკანა ხაზის შეჯიბრებაში ჩაიარა. ბათუმელთა სამეულს (გიორგაძე, ბერძენიშვილი, მსხვილიძე) ქუთაისელთა მხრიდან სიმონია, სტურუა და ფერაძე უპირისპირდებოდნენ. თამაში ერთხანს თანაბარი იყო, სანამ ზედიზედ 3 გოლი არ გაიტანა რატი მსხვილიძემ (15-11). გოლიათი მარჯვენა შუამარბი (208 სმ) პირველ ტაიმში უდავოდ საუკეთესო იყო 7 გოლით, ამის გარდა მან 2 შვიდმეტრიანი მოიპოვა. ბათუმი შესვენებაზე ოთხბურთიანი უპირატესობით წავიდა - 16-12.

მეორე ნახევარი ქუთაისელთა კარში 16 წლის რუხაძემ დაიწყო და 6 ბურთიც მოიგერია. გუნდმა რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე და ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი (19-20, 20-21), მაგრამ მეტოქე ამ სიტუაციას დაუძვრა.

როდესაც ბერძენიშვილი და მსხვილიძე დაიღალნენ, ბათუმელთა მწვრთნელმა თამამად შეუშვა მოედანზე ახალგაზრდები - ტიელიძე და ბაინაზიშვილი, რითაც ვეტერანებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.  ბაინაზიშვილის პასით ლაპიაშვილმა სხვაობა გაზარდა (23-20), შემდეგ მეკარე ტორონჯაძემ მოიგერია მეტოქის ერთი-ერთზე გასვლა, მეორე ნახევარში 5 გოლი გაიტანა ხაზის მოთამაშემ ლაპიაშვილმა, ხოლო მარცხენა ინსაიდმა, გივი გიორგაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 9 გოლი.

დასრულებამდე  4 წუთით ადრე, ბათუმმა სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა (27-22) და მოგება გაინაღდა. ქუთაისელებმა ვერ შეძლეს თამაშის აჩქარება, გამრავალფეროვნება და მატჩის მთელმა სიმძიმემ უკანა სამეულზე გადაიარა - მათ კი შესვენების შემდეგ გაუჭირდათ ბათუმის მძლავრი დაცვის (გიორგაძე, ბერძენიშვილი, მსხვილიძე, მაისურაძე) და მეკარე ტორონჯაძის დაძლევა. წაგებულ გუნდში საუკეთესო იყო შალვა სტურუა 9 გოლით.

ფინალი, ბათუმი - ქუთაისი:  https://www.youtube.com/watch?v=IYSFLHhfXwM

 „შავი ზღვის ბიჭებმა“ შინაურ ასპარეზზე ზედიზედ მეოთხე ტიტული მოიგო:  - 2018 და 2019 წლების ჩემპიონობა და 2019 და 2020 წლების თასი. მის გარდა ბათუმელთა ანგარიშზე კიდევ თითო ჩემპიონობა (2016) და თასია (2015). ქუთაისი, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ბოლო წლებში, ჯერაც უტიტულოდაა და ბრძოლას საქართველოს 2020-21 წლების ჩემპიონატში განაგრძობს. 

საქართველოს თასის გათამაშება მეხუთედ გაიმართა. ბათუმელთა გარდა, ჯილდო მოგებული აქვთ სამტრედიას (2014) და თბილისის პეგასს (2018).

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე. ფინალი

BSB ბათუმი - ქუთაისი 30-25

ბათ: ტორონჯაძე (7 მოგერიება), ვარშალომიძე - გიორგაძე 9, მსხვილიძე 8, ლაპიაშვილი 6, აბრამიშვილი 3, ბერძენიშვილი 2, ახალბედაშვილი 1, უ. მაისურაძე 1, ტიელიძე, ბაინაზიშვილი თურმანიძე, მჟავანაძე, კაკულია, კახიძე, ზაქარაძე - მწვ. მ. მჟავანაძე, ა. კომახიძე

ქუთ: შ. მაისურაძე (4), რუხაძე (6), გულეიშვილი (1) - სტურუა 9, სიმონია 5, გამზარდია 3, ფერაძე 2, ხაჟომია 2, სურმავა 2, მერკვილაძე 1, გოგოლაძე 1, ჯუღელი - მწვ. ა. ბოყოჩაძე, ე. მამასახლისი, დ. გობეჯიშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი (თბილისი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

მე-3-4 ადგილები. სპორტუნი - სტუ-იმედი 38-35

სპ: ხარაიშვილი (14) - ზურაბიანი 9, ჯ. იმნაძე 8, იობაშვილი 5,  ჩიკვილაძე 5, მიქავა 4, ლ. იმნაძე 4, აბჟანდაძე 3, კორსანტია, აბდულდაიემი

სტუ: მ. კობახიძე (11) - ყორიაული 11, ტალახაძე 9, ერისთავი 6, გრიშიკაშვილი 4,  გოგალაძე 3, ნაწილაშვილი 2, უ. კობახიძე

მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) - თ. ბჟალავა (ფოთი)

დელეგატები: გ. ბროლაძე, თ. ჩოგოვაძე

სამდივნო: ლ. ზაქარიაძე, ქ. იაშვილი, ნ. სურგულაძე

კლასიფიკაცია: 1. ბათუმი 2. ქუთაისი 3. სპორტუნი 4. სტუ-იმედი 5. სამტრედია 6. ფოთი 7. პეგასი 8. ქარიშხალა