18-წლამდელთა ნაკრები ერთპიროვნული ლიდერი გახდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 18 EHF Championship) ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

თუ აქამდე პირველ ადგილს წაუგებელ ბელგიასთან ვიყოფდით, დღეს ბულგარეთთან მათი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ქულათა მაქსიმუმით ჯგუფის სათავეში ერთპიროვნულად გამაგრდა. ჩვენმა გუნდმა მორიგი გამარჯვება კოსოვოსთან მოიპოვა — 35:30.

თუ პირველ ტაიმში მხოლოდ 1-2 ბურთით ვლიდერობდით და მეტოქეც თამაშში რჩებოდა, მეორე ნახევარში სურათი ჩვენ სასარგებლოდ შეიცვალა, რაც საბოლოოდ 5-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვებაში აისახა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 13 გატანილი გოლით ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა. საქართველოს ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეკარე გიორგი ქევხიშვილსაც, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და 14 ბურთი მოიგერია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა თევზაძე: „აქ იოლი თამაში არავის აქვს — შედარებით თანაბარი დონის გუნდები ვართ. მომდევნო შეხვედრა ერთ-ერთ ფავორიტთან, ბელგიასთან გვაქვს. დღეს ბელგიასთან გამარჯვებით ბულგარეთმა დაამტკიცა, რომ არ ყოფილა ხელწამოსაკრავი მეტოქე. გამოდის, რომ მეორე ტურში საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვიმარცხებია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბელგიასაც გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს — არანაკლები ბულგარეთზე.

ხვალ დასვენების დღეა. სამედიცინო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიჭებმა ძალები აღიდგინონ. ჯერჯერობით ყველა თამაში მოვიგეთ. თავდაჯერებულად, თუმცა პარალელურად შეცდომების აღმოფხვრაზე მუშაობით მივიწევთ წინ.“

7 აგვისტოს ჩემპიონატზე დასვენების დღეა, ტურნირი კი 8 აგვისტოს განახლდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ ბელგია იქნება, რომელიც დღეს ბულგარეთთან 36:41 დამარცხდა. ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა დიდმა ბრიტანეთმა — კვიპროსს 32:30 სძლია.

საქართველოს ნაკრები: გიორგი ქევხიშვილი, ლევანტვილდიანი,გიორგი კენჭაძე; ვახტანგ ხარებაშვილი (13), ნიკოლოზ მამულაშვილი (7), გიორგი კაპანაძე (7), ალექსანდრე ბოჟაძე (2), ნიკოლოზ ბიბლაია (2), საბა ბუიღლიშვილი (2), ანდრია ბურჯალიანი (1), ვანო გურგენიძე (1), დემეტრე თორია, ნიკოლოზ ნარიმანიძე, საბა შუბაშიშვილი,  ნიკოლოზ ბოჟაძე, შოთიკო ახვლედიანი

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, პაბლო კამპოს სუნენი, ჩავიერ სალვადორ ჟაუმა

M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი (ჯგუფური ეტაპი):

  • 8 აგვისტო: საქართველო vs ბელგია

9 აგვისტოს გაიმართება ფინალური მატჩები საბოლოო ადგილების დასაკავებლად.

Leave a Reply