16/03/15 თევზაძე და რუსია ევროთასებზეც საუკეთესოები არიან
რუმინეთის ჩემპიონატის ლიდერმა, ოდორჰეიმ კვირას ევროპულ სარბიელზე იასპარეზა და ჩელენჯ კაპის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, უჟგოროდში დაამარცხა ZTR ზაპოროჟიე – 26-18. საპასუხო თამაში 22 მარტსაა რუმინეთში.
მასპინძლებმა ანგარიში უკანასკნელად 20-ე წუთზე გაათანაბრეს (7-7), მაგრამ ზუსტად ამ მომენტში, როგორც ოდორჰეის ვებგვერდი წერს, გაიბრწყინეს ქართველებმა – რუსიამ გაიტანა ზედიზედ ხუთი გოლი, თევზაძემ მოიგერია თითქმის ყველაფერი და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. ოდორჰეიმ ტაიმი 12-8 მოიგო და საქმე ბოლომდეც მიიყვანა – 26-18. ყველაზე მეტი გოლი რუსიას ანგარიშზეა – 7, ხოლო სულ ჩელენჯ კაპზე ქართველ ინსაიდს 20 დაუგროვდა. ამ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში ალბათ შეხვდება ლისაბონის ბენფიკას, რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად მოუგო პოლონეთის აზოტი-პულავის – 37-29.
შინაურ ჩემპიონატს ოდორჰეი ისევ ლიდერობს 45 ქულით და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში ქართველების კლუბმა სტუმრად 32-26 მოუგო სუჩავას, რუსიამ 2 გოლი იკმარა და სეზონში 77 დაუგროვდა. გაიმართა რუმინეთის თასის ოთხთა ფინალის წილისყრაც. ტურნირი 4-5 აპრილს გაიმართება ბაია მარეში. ოდორჰეის ნახევარფინალში შეხვდა ტარგუ ჟიუ, ხოლო მეორე წყვილში კონსტანცა და ბაია მარე თამაშობენ.
ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა ჩემპიონატის პლეიოფში გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. პოლიტექნიკამ ბუქარესტში სტიაუას მოუგო (32-24), შემდეგ კი შინ დამარცხდა შარშანდელ ჩემპიონ კონსტანცასთან – 28-30. ჩიქოვანს სტიაუასთან არ გაუტანია, კონსტანცასთან კი საუკეთესო იყო 10 გოლით (7 – პირველ ტაიმში, სამიდან ორი გატანილი შვიდმეტრიანი). ქართველ შუამარბს სეზონში 91 გოლი აქვს, მის კლუბს კი 21 თამაშიდან – 22 ქულა და ოთხით ჩამორჩება მერვე ადგილზე მყოფ პოტაისა ტურდას. ორივე კლუბს 3-3 მატჩი დარჩა რეგულარული სეზონის ბოლომდე.
რანგით მეორე ევროტურნირის, EHF თასის ჯგუფურ ეტაპზე მეხუთე მატჩიც წააგო სერბეთის ვოივოდინამ, – სტუმრად, დანიის სკიერნთან, 23-32. ჯგუფიდან მეოთხედფინალში უკვე გავიდნენ სკიერნი და ფუხსე-ბერლინი. სერგო დათუკაშვილს ტრავმა აქვს და ბოლო თამაშები ამ ტურნირზეც და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ლიგაზეც, გამოტოვა. სეჰა-ლიგაში ვოივოდინა შინ, ნოვი სადში დამარცხდა ბელარუსის მეშკოვ-ბრესტთან (24-35) და 10 ქულით მე-8 ადგილზე რჩება. ფინალურ ოთხეულში ორი ადგილი უკვე გაინაღდეს უნგრეთის ვესპრემმა და მაკედონიის ვარდარმა, ხოლო ორი საგზურისთვის იბრძვიან ბრესტი, ხორვატიის ზაგრები და სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვი.
მაკედონიის ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში რევაზ ჭანტურიას კლუბმა ზომიმაკ-სტრუმიცამ 34-20 მოუგო სკოპიეს მეტალურგის მეორე გუნდს. ქართველმა გარემარბმა 6 გოლი გაიტანა, მის გუნდს კი 18 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს.
ბოლო კვირაში თურქეთის ჩემპიონატის სამი მატჩი გამართა ტრაბზონსფორმა. მეკარე გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის კლუბმა ში დაამარცხა ქონია (31-29), სტუმრად წააგო ამასიაში (31-33), შინ მოუგო ანთალიას (26-24) და მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა 23 თამაშიდან 25 ქულით. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ტრაბზონმა პლეიოფში თამაში გაინაღდა.
თურქეთის პირველ ლიგაში თუთუნსფორ აქჩაბათმა სტუმრად დაამარცხა იედითეფე (33-25), შინ – რიზე (33-32) და 20 თამაშიდან 26 ქულით მესამე ადგილზეა. ლექსო წითელიშვილის, ზურაბ სიმონიასა და ირაკლი ხიდეშელის კლუბი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.
ფოტო: ვლადიმერ რუსია