16/01/14 ტრილერი: საფრანგეთი-პოლონეთი 28:27
C ჯგუფში რუსეთი 9 წუთზე 4:7 აგებდა სერბეთთან, ტაიმი 14:14 დაასრულა, ხოლო ზედ შესვენების შემდეგ ოთხგოლიანი სპურტი მოაწყო (18:18, 37 წთ) და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. საბოლოოდ რუსებმა 27:25 მოიგეს.
დღის მშვენება იყო საფრანგეთ-პოლონეთის თამაში. ყველაფერი გადაწყდა ბოლო 20 წუთში. პოლონეთი ერთი ბურთით იგებდა, როცა რიცხობრივი მეტობისას 2 გოლი გაუშვა – 21:22, ამის შემდეგ კი მეკარე სირილ დიუმულენმა (სულ 17 სეივი) მოიგერია პენალტი და კიდევ რამდენიმე პირისპირ გასვლა, ხოლო ვილიამ აკამბრეიმ შეაგდო ზედიზედ 3 გოლი. საფრანგეთი 25:22 დაწინაურდა 48 წუთზე და ამის შემდეგ 5 წუთი გოლი არ გასულა. პოლონეთი არ ურიგდებოდა მეორე მარცხს და დასრულებამდე 1 წუთით ადრე მარიუშ იურკევიჩმა გაათანაბრა – 27:27. ბოლო შეტევაში ტრავმა მიიღო ფრანგების ლიდერმა ნიკოლა კარაბატიჩმა (8 გოლი, ფოტოზე), მაგრამ დასრულებამდე 19 წამით ადრე დანიელ ნარსისმა მეკარესთან პირისპირ დატოვა პივოტი იგორ ანიჩი და მანაც გაიტანა – 28:27.
პოლონეთმა მეორე თამაში წააგო მინიმალური სხვაობით, მაგრამ მეორე ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს. მათ ბოლო ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხონ რუსეთი და მიზანს მიაღწევენ. თუ სერბებმა წააგეს ფრანგებთან, ამ შემთხვევაში სერბეთს, რუსეთსა და პოლონელებს შორის ბურთების სხვაობა დაითვლება. პოლონეთი ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემთხევაში მოხვდება გამსვლელ სამეულში, 1,2 ან 3 გოლით მოგების შემთხვევაში მეორე ეტაპზე გაიყოლებს რუსებს და მათთან დაგროვილ 2 ქულას, ხოლო მეტით მოგება აღარ აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში პოლონელებთან ერთად მეორე ეტაპზე გავლენ სერბები და პოლონეთთან აღებული 2 ქულაც თან გაჰყვებათ.
D ჯგუფში ხორვატიამ მეორე თამაში მოიგო და მეორე ეტაპზე გავიდა. ჩერნოგორია უკანასკნელად 11 წუთზე გავიდა წინ, მერე 4 ბურთი ზედიზედ მიიღო (5:8) და ვაშკო შევალიევიჩის 9 გოლმაც ვეღარ უშველა – თამაშის ბოლომდე მუდმივად ხორვატები ლიდერობდნენ.
ასევე მეორედ მოიგო შვედეთმა – ბელარუსთან, 30:22. გარემარბმა ფრედრიკ პეტერსენმა გაიტანა 8 გოლი, გამთამაშებელმა პატრიკ ფალგრენმა შეასრულა 8 პასი, ხოლო ბელარუსთა ბარსელონელ ვარსკვლავ სიარჰეი რუტენკას შერჩა 13 გოლი და შვიდიდან შვიდი გატანილი შვიდმეტრიანი.
ბოლო ტურში 2-2 წაგების მქონე მონტენეგრო და ბელარუსი მესამე საგზურის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ, ხოლო ხორვატია და შვედეთი – ჯგუფის გამარჯვებულს და იმ გუნდს, ვინც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულას გადაიყოლებს.
ორი დღის შემდეგ ბომბარდირთა სიას ლიდერობს მაკედონიელი კირილ ლაზაროვი (19 გოლი), ხოლო გოლი+პასის სისტემით – დანიელი მიკელ ჰანსენი: 29 ქულა (13 გოლი და 16 პასი). ხუთშაბათს პირველ ეტაპს დაასრულებს A და B ჯგუფი.
ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი
15 იანვარი. C ჯგუფი
რუსეთი (2) – სერბეთი (2) 27:25
პოლონეთი (0) – საფრანგეთი (4) 27:28
D ჯგუფი
მონტენეგრო (0) – ხორვატია (4) 22:27
ბელარუსი (0) – შვედეთი (4) 22:30
16 იანვარი. A ჯგუფი
21:15 მაკედონია (1) – ავსტრია (2)
23:30 დანია (4) – ჩეხეთი (1)
B ჯგუფი
21:00 ესპანეთი (4) – ისლანდია (3)
23:15 უნგრეთი (1) – ნორვეგია (0)