14/11/15 კიდევ ერთ ტურნირს ვმასპინძლობთ
ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ხელბურთის ფედერაციის კონგრესმა გადაწყვიტა, რომ 2016 წლის საერთაშორისო სანაკრებო ტურნირი, ქალების მსოფლიო თასი, 8-13 მარტს თბილისში გაიმართება. მოეწყო 20-წლამდელ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატისა და ამავე ასაკის გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირების წილისყრა.
ჭაბუკთა ნაკრების მეტოქეები, 8-10 აპრილს, იქნებიან სერბეთი, ისრაელი და საბერძნეთი, ხოლო გოგონათა ნაკრებს თამაში მოუწევს 22-24 მარტს, მონტენეგროსა და უკრაინის წინააღმდეგ. ორივე ჯგუფიდან ფინალურ ტურნირზე თითო გუნდი გადის. რაც შეეხება მასპინძლებს, ევროპის ხელბურთის ფედერაცია ამას ორშაბათამდე გადაწყვეტს. გოგონებში მასპინძლობის პრიორიტეტი მონტენეგროს აქვს, ჭაბუკებში – დიდი შანსია, რომ შესარჩევი ტურნირი საქართველოში გაიმართოს.
რაც შეეხება ქალთა სანაკრებო ტურნირს, ტურნირის ოფიციალური დასახელებაა IHF/EHF Women’s Trophy. ტურნირი იმართება განვითარებადი სახელბურთო ქვეყნებისთვის. 2016 წელს გაიმართება კონტინენტური ტურნირები, ხოლო გამარჯვებულები 2017 წელს ითმაშებენ ინტერკონტინენტალურ ფინალში.
თბილისის ტურნირის მონაწილეთაგან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი გუნდი – საქართველოს ნაკრები. დანარჩენებს ევროპის ხელბურთის ფედერაცია შეარჩევს შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ბოსნია, ბულგარეთი, კვიპროსი, ფარერები, ესტონეთი, ლატვია, ირლანდია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, მოლდოვა, მალტა, მონაკო, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, საბერძნეთი, ისრაელი. მონაწილეთა ასაკი ჯერჯერობით განსაზღვრული არაა – სავარაუდოდ, ეს იქნება 25-წლამდელთა ტურნირი. საბოლოოდ, მონაწილეთა ასაკი, რაოდენობა (6 ან 8 გუნდი) და ყველა მონაწილე ნაკრები, ცნობილი გახდება ორშაბათს.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია უახლოეს 2 წელიწადში კიდევ ორ დიდ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს: 2016 წლის აგვისტოში – 18-წლამდელ ჭაბუკთა ევროპის პირველობას და ერთი წლის შემდეგ – ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს.
ხელბურთი. 20წ ევროპის ჩემპიონატი 2016. ჭაბუკები. კვალიფიკაცია, 8-10 აპრილი. 1 ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, კოსოვო. ლიტვა. 2 ჯგუფი: შვეიცარია, მაკედონია, მონტენეგრო, ფარერები. 3 ჯგუფი: პოლონეთი, ისლანდია, იტალია, ბულგარეთი. 4 ჯგუფი: შვედეთი, ბელარუსი, ბოსნია, ნორვეგია. 5 ჯგუფი: ხორვატია, სლოვაკეთი, ფინეთი, უკრაინა. 6 ჯგუფი: სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძენთი. 7 ჯგუფი: ჩეხეთი, ჰოლანდია, ავსტრია, თურქეთი. 8 ჯგუფი: რუმინეთი, ესტონეთი, სლოვენია, პორტუგალია. 1-4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 5-8 ჯგუფებიდან – 1. ფინალური ტურნირი: 28 ივლისი-7 აგვისტო, დანიაში (უკვალიფიკაციოდ უკვე გასულები არიან დანია, საფრანგეთი, უნგრეთი და ესპანეთი).
ხელბურთი. 20წ მსოფლიო ჩემპიონატი 2016. გოგონები. კვალიფიკაცია, 22-24 მარტი. 1 ჯგუფი: ნორვეგია, ხორვატია, საბერძნეთი, შვეიცარია. 2 ჯგუფი: გერმანია, ლიტვა, ჩეხეთი, ბულგარეთი. 3 ჯგუფი: უნგრეთი, ბელარუსი, ავსტრია, ისლანდია. 4 ჯგუფი: სერბეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ბოსნია. 5 ჯგუფი: საფრანგეთი, მაკედონია, სლოვენია, ისრაელი. 6 ჯგუფი: ესპანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი. 7 ჯგუფი: მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო. 1 ჯგუფიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 2-7 ჯგუფებიდან – 1. ფინალური ტურნირი: აგვისტოში, რუსეთში, (უკვალიფიკაციოდ უკვე გასულები არიან დანია, რუმინეთი, რუსეთი, შვედეთი).