13/12/13 მსხვილიძის დებიუტი ტრაბზონში: მოგება და 6 გოლი

თურქეთის ტრაბზონსფორის შემადგენლობაში ახლახან ორი ქართველი ხელბურთელი გადავიდა – სტუ-ს მეკარე გიგა ტორონჯაძე და შუამარბი რატი მსხვილიძე.

ბოლო კვირაში ტრაბზონმა ორი თამაში მოიგო: შინ ანთალიასთან 30:28 და სტუმრად ჯუკობირლიკთან – 43:29. ტორონჯაძემ ორივე მატჩში ითამაშა, ხოლო ჯუკობირლიკთან მსხილიძეს დებიუტი ჰქონდა და 6 ბურთიც გაიტანა.

ტრაბზონი ამჟამად თურქეთის 14-გუნდიან სუპერლიგაში მეცხრე ადგილზეა 10 თამაშიდან 5 მოგებით და 10 ქულით. პლეიოფში 8 გუნდი გადის, ხოლო ტრაბზონელებს თამაში მარაგში აქვთ – 17 დეკემბერს ისინი ითამაშებენ ლიდერ ბეშიქთაშთან. იქამდე, 14 დეკემბერს ქართველების კლუბი შინ ეთამაშება ჯანქაიას, ხოლო 21 დეკემბერს – სტუმრად მილი პიიანგოს. ამის შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდება და მსხვილიძე და ტორონჯაძე საქართველოს ნაკრებს მოაშურებენ.

რუმინეთში უკვე გამოცხადდა შესვენება 13 ტურის შემდეგ. 31 ქულით მესამე ადგილზეა შტიინცა ბაკეუ, რომელმაც ბოლო მატჩი 30:26 მოუგო CSM ბუქარესტს – შოთა თევზაძეს არ უთამაშია, ვლადიმერ რუსიამ 1 გოლი გაიტანა. ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა შინ დამარცხდა ბუქარესტის დინამოსთან – 21:26 და 12 ქულით 9 ადგილზეა. რუმინეთის ჩემპიონატის პლეიოფში ორი წრის შემდეგ 6 გუნდი გადის.

მაკედონიაში, რეზო ჭანტურიას ზომიმაკ-სტრუმიცა ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს – 12 თამაშიდან 12 მოგება.

ზემოთჩამოთვლილი 6 ხელბურთელი, ისევე როგორც ლიბანში მოთამაშე სერგო დათუკაშვილი საქართველოს ნაკრების წევრია. 20 დეკემბრიდან ეროვნული გუნდი სერბ ჯორჯე რასიჩის ხელმძღვანელობით შეკრებას იწყებს თბილისში, შემდეგ სავარჯიშოდ მიემგზავრება ისრაელში, ხოლო 2 იანვარს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს ანკარაში, თურქეთის ნაკრებთან.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015. საკვალიფიკაციო ტურნირი. ევროპა. პირველი ეტაპი

1 ჯგუფი

ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო

4 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, 5 იანვარი: საქართველო – თურქეთი

8 იანვარი: საქართველო – ლიტვა. თურქეთი – ფინეთი

11 იანვარი: ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი

პლეიოფში გადის 1 გუნდი

ფოტო: ჯუკობირლიკი – ტრაბზონი

Leave a Reply