05/04/15 პირველი ჩემპიონი 8 აპრილს გამოვლინდება
შინაური სახელბურთო სეზონი ბოლო ფაზაში შედის. 8 აპრილს გამოვლინდება საქართველოს 2015 წლის პირველი ჩემპიონი – უფროსი ასაკის ჭაბუკებს შორის. პირველობისთვის იბრძოლებენ ქარიშხალა, პეგასი, იმედი და ქუთაისი.
შეჯიბრებაში 15 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე გამოვლინდნენ რეგიონული ჩემპიონები – ქუთაისი, ქარიშხალა და გორი. მეორე ეტაპზე ორ ჯგუფად გაყოფილმა 10 საუკეთესო გუნდმა ფინალური ოთხეულის მონაწილეები გამოავლინა. გადაწყდა, რომ ფინალური ტურნირი წრიული ფორმატით გაიმართება.
ფინალის ოთხი მონაწილიდან სამი – ქარიშხალა, პეგასი და იმედი, შარშანდელი ჩემპიონატის პრიზიორია. ქუთაისის გუნდმა შარშან ასპარეზობა პირველივე ეტაპზე დაასრულე, მაგრამ ამ სეზონში დასავლეთის ჩემპიონიც გახდა და მეორე ეტაპზეც მიაღწია მიზანს.
ფინალური ტურნირი 6, 7 და 8 აპრილს გაიმართება გლდანში, ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში. სეზონის ბოლომდე უნდა გამოვლინდეს საქართველოს ჩემპიონი კიდევ სამ კატეგორიაში (უმცროსი ასაკის ჭაბუკებსა და ორივე ასაკის გოგონებს შორის), ხოლო შინაურ სეზონს დახურავს ეროვნული ჩემპიონატის ოთხთა ფინალი 15-16 მაისს.
30 აპრილს ქუთაისში და 3 მაისს, ლუქსემბურგში, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი აქვს საქართველოს ნაკრებსაც.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2014-15
ჭაბუკები 1998-99. ფინალური ოთხეული
გლდანი. 6 აპრილი
14:30 ქუთაისი – ქარიშხალა
16:00 იმედი – პეგასი
7 აპრილი
14:30 ქარიშხალა – იმედი
16:00 პეგასი – ქუთაისი
8 აპრილი
14:30 იმედი – ქუთაისი
16:00 პეგასი – ქარიშხალა