05/04/14 მეორე წაგება ესპანეთში
ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო ესპანეთში, ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე. ამჯერად ქართველები დამარცხდნენ ნორვეგიასთან – 18:38 (10:16).
დასაწყისში ბრძოლა თანაბარი იყო. ნორვეგია საბოლოოდ დაწინაურდა მას შემდეგ, როცა ანგარიში 4:4 იყო და მოედნიდან ერთიმეორის მიყოლებით ორი ქართველი გააძევეს, ხოლო ჩვენს მთავარ ბომბარდირს, თემურ ორჯონიკიძეს უკვე 2 გაძევება ჰქონდა და წითელი ბარათის საფრთხის ქვეშ იყო. ამის მიუხედავად, შესვენებაზე სხვაობა დიდი არ ყოფილა – 10:16.
ნორვეგიამ შესვენების შემდეგ სწრაფად დაიწყო სხვაობის ზრდა, ხოლო მატჩის მიწურულს, როცა მოედანზე ორი კაცით მეტი გვყავდა, ეს მონაკვეთიც 0:2 წავაგეთ. თავი იჩინა იმან, რომ საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ექვსი კაცია 1994 წელს დაბადებული, ხოლო გუნდის უმეტესობას ქვედა ასაკობრივი კატეგორიის, თვრამეტწლამდელთა ნაკრების წევრები შეადგენენ.
დღესვე ესპანეთმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა მონტენეგრო – 25:24 და ფინალურ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურს ხვალ ნორვეგია და მონტენეგრო გაითამაშებენ. ქართველები ესპანეთს ეთამაშებიან. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა 20:15 საათზე შესაძლებელი იქნება მისამართზე:
http://www.rfebm.net/index.asp
ფოტო: ესპანეთი-მონტენეგრო
ევროპის 20წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
ოვიედო, ესპანეთი. 4-6 აპრილი, 2014
5 აპრილი
საქართველო – ნორვეგია 18:38
საქართველო: ცერცვაძე, ა. სამიტაშვილი – ორჯონიკიძე 8 (4 წთ), სიმონია 6 (4 წთ), ცხვარაშვილი 3 (2 წთ), სტურუა 1, აბრამიშვილი (2 წთ), გოგოლაძე (2 წთ), კოხრეიძე (2 წთ), გიორგაძე (2 წთ), ხაჟომია, არსენაშვილი, ალანია, ი. სამიტაშვილი
ნორვეგია: ოშჰეიმი, ბერგერუდი – გ. იოჰანესენი 7, ნილსენი 6, პედერსენი 5, იოვერბი 5, სანდვიკი 4, ლიაბა 3, ქრისტენსენი 3, ტორბიორნსენი 2, რამელი 1, ფინსრუდი 1, ეპლანდი 1, ერიქსენი, ჰ. იოჰანესენი
გაძევება: 18წთ-18წთ, შვიდმეტრიანი: 1/1-3/3
მსაჯები: ბედრიხ ფრიზერი, ლუკაშ ფრიზერი (ჩეხ)
ესპანეთი – მონტენეგრო 25:24
6 აპრილი
18:00 ნორვეგია – მონტენეგრო
20:15 საქართველო – ესპანეთი
4 აპრილი
საქართველო – მონტენეგრო 9:29
ესპანეთი – ნორვეგია 35:27
ესპანეთი 4, მონტენეგრო 2 / ნორვეგია 2, საქართველო 0
ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი
ფინალი: 24 ივლისი-3 აგვისტო, 2014 ავსტრია