04/08/14 ასაკობრივი ჩემპიონატები რუმინეთმა და გერმანიამ მოიგეს
ხელბურთში თვრამეტწლამდელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონი რუმინეთის ნაკრები გახდა, ხოლო ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატი კაცებში გერმანიამ მოიგო.
რუმინელმა გოგონებმა ფინალში, მაკედონიაში, დაამარცხეს გერმანია – 32:21. მესამე ადგილისთვის დანიამ მოუგო მონტენეგროს – 20:19. ვაჟთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ავსტრიაში გაიმართა. გერმანელმა ახალგაზრდებმა შვედები დაამარცხეს – 26:24, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორმა, ესპანეთმა დანიას მოუგო – 29:27.
14-24 აგვისტოს პოლონეთი 18-წლამდელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ხოლო 20-წლამდელ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ივლისში კორეის ნაკრებმა მოიგო. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ რუსეთი, დანია და გერმანია.
2015 წელს ქალებს უკვე ევროპის ჩემპიონატი ექნებათ 17 და 19 წლამდე, ხოლო კაცები 19 და 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონებს გამოავლენენ.
ევროპის წლევანდელ ჩემპიონატებზე მონაწილეობდნენ საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებები, მაგრამ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს. გაისად ორივე გუნდს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი უწევს. გაისად საქმეში ჩაერთვებიან ქართველი გოგონებიც – მათ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვთ.
2017 წელს საქართველო 19-წლამდელ კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს მასპინძლობს.