02/12/13 სომხეთიდან – მოგებით, ხორვატიაში – ფინალის საგზურისთვის
სომხეთიდან გამარჯვებით დაბრუნებულმა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ხელბურთის ფედერაციაში დღეს პრესკონფერენცია გამართა.
1996-97 წლებში დაბადებულთა გუნდმა ერევანში სომხეთის პრემიერ მინისტრის თასზე დაამარცხა რუსეთის ნაკრები ( 33:28) უკრაინა (33:28) და სომხეთი (32:21) და პირველი ადგილი დაიკავა. მთავარ ჯილდოსთან ერთად გუნდს კიდევ 4 პრიზი ერგო – საუკეთესო ბომბარდირი გახდა თემურ ორჯონიკიძე (36 გოლი), ორჯონიკიძემ, ალექსანდრე ცხვარაშვილმა და მეკარე ზურაბ ცინცაძემ კი თავ-თავიანთ სათამაშო პოზიციებზე საუკეთესო ხელბურთელის ჯილდო მოიპოვეს.
ტიტე კალანდაძე, მთავარი მწვრთნელი: – ჩვენი გუნდისთვის ეს ფაქტიურად პირველი ტურნირი იყო. ბოლო თამაშის წინ ფავორიტებად რუსები ითვლებოდნენ. მათ გაცილებით დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქეები, მაგრამ ჩვენ მეორე მატჩში, სომხეთთან ძალები დავზოგეთ და რუსეთან საბრძოლველად მოვემზადეთ. ფიზიკურად მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო, რამდენიმე ორმეტრიანი მოთამაშეც ჰყავდათ, მაგრამ თამაშმა გვანახა, რომ სწორი ტაქტიკითა და შემართებით ხელბურთში ყველასთან გამარჯვება შეიძლება. ძალიან კარგად ითამაშეს შეტევის ლიდერებმა ორჯონიკიძემ და ცხვარაშვილმა, გამოვყოფ დაცვასაც: მეკარე ცინცაძეს, კოხრეიძესა და დემეტრაშვილს. ამ მოგებამ ძალიან კარგი განწყობა შეგვიქმნა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის. მეტოქეები ძლიერი გვყავს – ხორვატია მასპინძელია და სახელბურთო ქვეყანაა, მაკედონიაში მე თავად მითამაშია 3 სეზონი და ვიცი, რომ იქ ხელბურთი პირველი სპორტია, ჰოლანდიაშიც საკმაოდ განვითარდა ეს სახეობა, მაგრამ, ჩვენ ფინალური ეტაპის საგზურისთვის საბრძოლველად წავალთ.
ვახტანგ ბერიაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი: – მწვრთნელებმა სწორი ტაქტიკა შეარჩიეს რუსეთთან მატჩისთვის. მთავარი იყო, რომ რუსეთისთვის სწრაფი შეტევის საშუალება არ მიგვეცა, რაც მოვახერხეთ კიდეც. თავიდან ბოლომდე ვლიდერობდით, დარბაზი ძალიან გვიჭერდა მხარს, მაგრამ დადგა მომენტი, როცა რუსები 3 ბურთამდე წამოგვეწივნენ და ამ მომენტში 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიანა გარემარბმა ირაკლი გოგოლაძემ. ჯილდო თავად სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ტიგრან სარგსიანმა გადმოგვცა.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით ემზადება ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, რომელიც 10-12 იანვარს გაიმართება ხორვატიაში. 10 იანვარს ვეთამაშებით ჰოლანდიას, 11 იანვარს – ხორვატიას და 12 იანვარს – მაკედონიას. ფინალურ ტურნირზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.389456674521108.1073741893.153041141495997&type=1
პრესკონფერენციის ფოტოები:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.389803834486392.1073741894.153041141495997&type=1