01/08/14 ლევან გელაშვილი მასტერ კოუჩის კურსებზე
ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა ლევან გელაშვილმა უნგრეთში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი სახელბურთო კატეგორიის სამწვრთნელო კურსებზე – მასტერ კოუჩის სალიცენზიო სემინარზე, რომელიც ე.წ. რინკის კონვენციის ფარგლებში მოეწყო.
სემინარი სამ ეტაპად იმართება. პირველი მოეწყო იანვარში, დანიაში და დაემთხვა ევროპის ვაჟთა ჩემპიონატს. მეორე გაიმართა ბალატონის ტბაზე, ხოლო მესამე დაგეგმილია დეკემბერში, უნგრეთის ქალაქ დიორში, სადაც უკვე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. ლევან გელაშვილს, რომელიც სახელბურთო კლუბ პეგასსა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობს, ორი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი ლიცენზია უკვე აქვს და მესამის აღების შემთხვევაში მიიღებს მასტერ-კოუჩის ლიცენზიას, რომელიც საშუალებას მისცემს რინკის კონვენციის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დონეზე მწვრთნელად მუშაობის უფლებას. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, წლის ბოლომდე საქართველოს ხელბურთის ფედერაციაც შეუაერთდეს კონვენციას.
ლევან გელაშვილი: – პირველი კურსებისგან განსხვავებით, სადაც აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაზე იყო გაკეთებული, ბალატონზე განსხვავებული ლექციები გვქონდა. თემები შეეხებოდა სპორტულ მედიცინას, ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას, ფიზიკურ მომზადებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ხელბურთის საწვრთნელ პროცესში და ასევე პლაჟის ხელბურთს – ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, რადგანაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში ამ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ბალატონზე მიღებული ცოდნა უკვე გამოვიყენე ურეკში, სადაც სემინარი მოვაწყვე ქვიშის ხელბურთში შავი ზღვის თასის მიმდინარეობისას.
უნგრეთში ჩვენი, 25-კაციანი ჯგუფის ლექტორები იყვნენ რუმინელი ალექსანდრუ აქსინტე, გერმანელი კლაუს ფელდმანი. ავსტრიელები ანდრეას ვოკი და ვოლფგანგ პოლანი, უნგრელები ტამაშ ნოიკუმი და პეტერ კოვაჩი.
კოვაჩმა ჩაგვიტარა ძალიან საინტერესო ლექცია 2014 წლის ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით. უნგრელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ, ბოლო ტენდენციებით, ვაჟთა ხელბურთი სანახაობრივად საკმაოდ ერთფეროვანი გახდა იმის გამო, რომ დაცვაში თითქმის ყველა გუნდი 6-0 დაცვას იყენებს, ხოლო შეტევაში ძირითადი აქცენტი უკანა ხაზზე კეთდება. ამის გამო, არაა გამორიცხული, საერთაშორისო ფედერაციამ წესებში ცვლილებებზეც იფიქროს. გავარჩიეთ ევროპის ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების დაცვითი სისტემა, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია და 6-0 სქემაში სხვადასხვა ვარიაციებს ითვალისწინებს. თეორიულთან ერთად გვქონდა პრაქტიკული მეცადინეობებიც, რომელშიც ერთ-ერთი უნგრული სახელბურთო აკადემიის ჭაბუკები მონაწილეობდნენ.
მესამე სემინარი უკვე დეკემბერში გაიმართება და ამ დროისათვის საქართველოს ხელბურთის ფედერაციაც უნდა მიუერთდეს რინკის კონვენციას – ეს საშუალებას მომცემს, დავამუშავო წინასწარ შერჩეული თემა, რომლის წარმატებით დაცვის შემთხვევაში მასტერ-კოუჩის ლიცენზიას მივიღებ.
საქართველოში, ლევან გელაშვილი, პრაქტიკული მუშაობის გარდა, სემინარების ჩატარებასაც გეგმავს, რინკის კონვენციასთან მიერთება კი აუცილებელია ჩვენი ფედერაციისთვის, რათა მოწესრიგდეს მწვრთნელთა ლიცენზირების საკითხი. ეს ითვალისწინებს სამდონიან სერტიფიცირებას ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა გუნდებში მუშაობის უფლების მისაღებად.