ჩემპიონი თასის მფლობელს ამარცხებს

საქართველოს ჩემპიონატზე, ხელბურთში, პირველი წრის მთავარ მატჩში, ქვეყნის ჩემპიონმა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბოლო წამებზე დაამარცხა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“, 31-30, ხოლო „ქარიშხალამ“ მოუგო ფოთის „ოქროს ვერძს“, 45-42. 

 

პირველი ტაიმი სრულად თანაბარი იყო და ფრედ მორჩა. სტუ-ს მთავარი ბომბარდირი ბათუმელებს პერსონალურად ჰყავდათ აყვანილი, რის გამოც თემურ ორჯონიკიძემ სულ 2 გოლი გაიტანა შვიდმეტრიანიდან. სტუ ერთი პირობა 8-5 იგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ვანო ქარდავამ სწრაფ გარღვევაში გაათანარა ანგარიში – 11-11.

მეორე ტაიმში თითქმის ორჯერ მეტი გოლი გავიდა და ლიდერიც ბევრჯერ შეიცვალა. პირველი მონაკვეთი ბათუმელების იყო. ილია გოგალაძემ კარგად დაიწყო მეორე ნახევარი და, ძირითადად მისი წყალობით, უკვე 35-ე წუთზე „შავი ზღვის ბიჭები“ 4 ბურთით გავიდნენ წინ, 16-12, ხოლო რამდენიმე წუთში უკრაინელმა მსაჯებმა ორჯონიკიძე მესამედ გაუშვეს ორწუთიანში და, შესაბამისად, წითელი ბარათიც უჩვენეს.

აქ ირაკლი კეკელიძემ თამაშში ჩართო მარცხენა გარემარბი ნიკოლოზ ჯორბენაძე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა: თითქმის ზედიზედ გაიტანა ხუთი გოლი – სამი სწრაფ გარღვევაში, ორიც კუთხიდან და 41-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა – 19-19.

49-ე წუთზე უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერობს 4 ბურთით – ჭელიძის, არსენაშვილისა და სტურუას გოლების შემდეგ – 24-20. მამუკა მჟავანაძე იღებს ტაიმაუტს, რომლის შემდეგ, სამ წუთში, ლექსო წითელიშვილი და უჩა მაისურაძე ისევ ათანაბრებენ – 24-24, დარჩენილია 8 წუთი. ტრავმის გამო მოედანს ტოვებს სტუ-ს ძირითადი მეკარე ტორონჯაძე. 

ამის შემდეგ სტუ ერთი ბურთით წინაა და ბათუმი კვალში უდგას, მერე მამია კობახიძეს შორიდან გააქვს, დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ერეკლე არსენაშვილი მიდის გარღვევაში – სტუ, 30-28.

მაგრამ, ანგარიში კიდევ ერთხელ თანაბრდება! გოგალაძე უხერხული, მარჯვენა კუთხიდან უტევს შედეგიანად, კორნელი ანდრიაძე შვიდმეტრიანს უღებს მამია კობახიძეს, ხოლო მამიას ძმას, გიორგის, თავისი პირველი და ბათუმელთა ბოლო გოლი ამ შეხვედრაში, გააქვს სირენამდე 50 წამით ადრე: 30-30.

ბოლო შეტევაში სტუ ბურთს მაქსიმალურად უფრთხილდება და დასრულებამდე 12 წამით ადრე შალვა სტურუა გამოიმუშავებს შვიდმეტრიანს, რომელსაც გოლად აქცევს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოთმაშე ამ შეხვედრაში, მეთოდე ჭელიძე (10 გოლი), ხოლო ბათუმელებს პასუხის გასაცემად 12 წამი არ ჰყოფნით.  სტუ 31-30 იგებს და რევანშს იღებს საქართველოს თასის ფინალში წაგებისთვის (19-20).

„ქარიშხალა“ მთელითამაშიიგებდა „ოქროს ვერძთან“. თამაშის ბოლოს ფოთელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ, 42-45. ქარიშხალამ მეორე მატჩი მოიგო და მეექვსიდან მეხუთე ადგილზე გადავიდა.

5 თებერვალს ჩემპიონატი ახალ სპორტის სასახლეში გადაინაცვლებს. 14 და 16 საათზე აქ გაიმართება ორი მატჩი: ქარიშხალა-ბათუმი და სტუ-ფოთი, ხოლო იქამდე, 13 საათზე გაიხსნება გამოფენა: ხელბურთის ფედერაციამ გამოაცხადა კონკურსი თბილისში დანიშნული ორი საერთაშორისო ტურნირის ლოგოტიპის შესაქმნელად და პარასკევს გამარჯვებულს გამოავლენს.

პირველი წრე დასრულდება მეექვსე და მეშვიდე ტურებით, 9-10 თებერვალს, ქუთაისში და 11-12  თებერვალს, თბილისში. ორი წრის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი მედლებისთვის ბრძოლას მაისში, ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

4 თებერვალი, თბილისი, არენა

სტუ-ბათუმი 31-30

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – ჭელიძე 10, ჯორბენაძე 6, მ. კობახიძე 5, სტურუა 4, არსენაშვილი 4, ორჯონიკიძე 2, სამიტაშვილი, ამირანაშვილი

ბათ: ანდრიაძე – გოგალაძე 11, წითელიშვილი 5, ქარდავა 4, მაისურაძე 4, წივწივაძე 3, სურმავა 1, მაისაშვილი 1, გ. კობახიძე 1, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი

ქარიშხალა-ფოთი 45-42

ქარ: ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 13, გ. ფერაძე 10, ზ. ფერაძე 8, ჭინჭარაძე 5, მამულაშვილი 5, შევჩენკო 4, საჯაია

ფოთ: ცერცვაძე – მელქოშვილი 13, ალანია 10, გამზარდია 10, მიქაძე 3, ბაჯალაძე 3, ბიბილეიშვილი 2, ა. ხუნჯუა 1, ნემსაია

მსაჯები:ნ. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრ)

დელეგატები:ვ. ვაკულა (უკრ), თ. თევზაძე მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი

5 თებერვალი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

14:00 ქარიშხალა-ბათუმი, 16:00 სტუ-ფოთი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სამტრედია—5—4—0—1—197-149–8

სტუ———–4—4—0—0—135-119–8

BSB ბათუმი–4—3—0—1—138-115–6

პეგასი———5—3—0—2—164–172–6

ქარიშხალა—-4—2—0—2—148-151–4

ქუთაისი——5—2—0—3—165-180–4

თელავი——-5—0—0—5—141-159–0

ფოთი———4—0—0—4—139-182–0

Leave a Reply