gnhf-rrr

ბოლო ბრძოლები ოთხეულისთვის

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჯგუფური რაუნდი მთავრდება. ორივე ჯგუფიდან ნახევარფინალში გასასვლელად 3-3 გუნდი იბრძვის. გუშინ შვედეთმა ბოლო წამებზე გაუთანაბრა დანიას – 28-28, ხოლო ესპანეთმა მძიმე მატჩი მოუგო უნგრეთს – 31-29. 

ნახევარფინალში გასვლის გარდა, გუნდები ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის ორი საგზურისთვისაც იბრძვიან. ერთი მათგანი უკვე მოიპოვა ნორვეგიამ, უნგრეთსა და შვედეთს კი ასევე ჰქონდათ შანსი და უკანასკნელ წამებამდე იბრძოლეს. შედეგად, დანიამ, რომელიც ერთადერთი გუნდი იყო ჩემპიონატზე, ვისაც ყველა თამაში ჰქონდა მოგებული, პირველი ქულა დაკარგა და საქმეც გაირთულა. დანია დღეს ეთამაშება გერმანიას, და რომ არა გუშინდელი ფრე, 5 ბურთით წაგებაც ყოფნიდა ნახევარფინალში გასასვლელად, ახლა კი ნებისმიერ მარცხზე გავარდება, თუ ესპანეთიც მოიგებს.

დღეს თორმეტივე გუნდი თამაშობს და ორივე ჯგუფში იდენტური სიტუაციაა. 7-7 ქულით ლიდერობენ დანია და ნორვეგია, ოღონდ განაღდებული არაფერი აქვთ, რადგანაც ორ-ორი 6-ქულიანი მდევარი ჰყავთ: გერმანია-ესპანეთი და საფრანგეთი-პოლონეთი.

უნგრეთი ვეტერან ლასლო ნადის უნაკლო თამაშის წყალობით (9 დარტყმა, 9 გოლი) ჩაეჭიდა ესპანეთს, რომელიც პირველად 31-ე წუთზე, რივერას შვიდმეტრიანის შემდეგ გავიდა წინ – 16-15 და მალე, ანტონიო გარსიას ორი შორეული ნასროლის შემდეგ ანგარიში 18-15 გახდა, მაგრამ დასრულებამდე 15 წუთით ადრე, თემუჩინ შუხმა 6 მეტრიდან გაათანაბრა – 23-23. ესპანეთი ისევ წინ გავიდა სამით, და ნადმა მხოლოდ ბოლოსწინა წუთზე დაიყვანა სხვაობა ერთამდე – 28-29. დასრულებამდე 40 წამით ადრე ესპანეთი ბოლო შეტევაში ისევ ერთბურთიანი სხვაობით წავიდა, შვიდმეტრიანიც მოიპოვა და ვალერო რივერამ  წერტილი დასვა – 31-29.

დანია 27-ე წუთზე 15-10 უგებდა შვედეთს, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო 3 წუთში 3 გოლი გაუშვა – 13-15. შვედეთი ხანგრძლივ დევნაში ჩაება. დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე სხვაობა  ისევ ავიდა სამამდე, როცა მიქაელ დამგორმა ანგარიში 28-25 გახადა, მაგრამ ეს დანიელთა ბოლო გოლი იყო.  მათიას ზახრისონმა სირენამდე ზუსტად ორი წუთით ადრე გაიტანა, მერე ბურთი ჩაუჭრა დამგორს და იესპერ ნილსენი სწრაფ შეტევაში წავიდა – 27-28, დარჩენილია წუთნახევარი. ეგერტის ბოლო დარტყმა მოიგერია მეკარე აპელგრენმა და ტაიმაუტის შემდეგ, შვედეთი ბოლო შეტევაში წავიდა – იოჰან იაკობსენმა მარჯვენა კუთხიდან შეახტუნა ექვსმეტრიანში ზახრისონი და მან სირენამდე  8 წამით ადრე თავის გუნდს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა, დანიას კი ნახევარფინალში გასვლა სათუო გაუხადა – 28-28.

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზური ექვსმა ევროპულმა გუნდმა (პოლონეთი, ესპანეთი, დანია, ხორვატია, გერმანია, სლოვენია) ყატარში, მსოფლიოს შარშანდელ  ჩემპიონატზე მოიპოვა. მეშვიდე უკვე გაინაღდა ნორვეგიამ, მერვისთვის  კი შვედეთი და რუსეთი იბრძვიან. დღეს 19 საათზე შვედეთი ხვდება უნგრეთს და თუ მოუგო, 4 ქულა გაუხდება და დაელოდება ესპანეთ-რუსეთის შედეგს.

19 საათზე კრაკოვში თამაშობენ მაკედონია და ბელარუსი – უბრალოდ, პირველი მოგებისთვის. მაკედონიას ოლიმპიადის კვალიფიკაციაში მოხვედრა სხვაგვარად შეუძლია. კირილ ლაზაროვის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე დაიკავა მე-9 ადგილი და თუ პოლონეთი, ესპანეთი, დანია ან გერმანია პირდაპირ რიოს საგზურს მოიპოვებენ (პირდაპირ ოლიმპიადაზე მარტო  ევროპის ჩემპიონი ხვდება, მაგრამ საფრანგეთს ეს არ ეხება, რადგან მსოფლო ჩემპიონია და ოლიმპიადა განაღდებული აქვს), მაშინ კვალიფიკაციაზე მაკედონია გავა.

21:15 საათზე დღის ორი მთავარი მატჩია – გერმანია-დანია და საფრანგეთი-ნორვეგია. დანიას და ნორვეგიას ფრეც ყოფნით, საფრანგეთსა და გერმანიას მოგება სჭირდებათ. ფრანგები შესაძლოა ნორვეგიასთან წაგებითაც გავიდნენ ოთხეულში, თუ პოლონეთმა ვერ მოუგო ხორვატიას.

და ბოლოს, 23:30, პოლონეთი-ხორვატია და ესპანეთი-რუსეთი. ხორვატიას ნახევარფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს – პოლონეთი 11 ბურთით უნდა დაამარცხოს და საფრანგეთმა უნდა წააგოს ნორვეგიასთან. პოლონეთს მოგება სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთმა მოიგო, ფრეც ყოფნის, თუ ფრანგებმა ფრედ ითამაშეს და 7 გოლით არ უნდა წააგოს, თუ საფრანგეთი დამარცხდება. ანალოგიურ სიტუაციაშია ესპანეთიც, იმ განსხვავებით, რომ რუსეთი მას ვერაფრით გადაასწრებს,  მაგრამ რუსეთს თავისი მოტივაცია აქვს და ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძვის.

თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა პირადი მატჩის შედეგს ენიჭება. ყველა თამაშის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით. აქვეა ყველა მატჩის ჩანაწერი:http://www.ehftv.com/int

ხელბურთი. ევროპის მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.

მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი.

26იანვარი.2 ჯგუფი. ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

ესპანეთიუნგრეთი31-29

ესპ: რივერა 5 (4 პენ), ტომასი 4, ენტრერიოსი 4, კანელასი 4, გარსია 4, დუიშებაევი 3, უგალდე 3

უნგ: ლ. ნადი 9/9, კ. ნადი 5, ჯამალი 3, ბოდო 3 – მიკლერი 13/40-33%

შვედეთიდანია28-28

შვდ: ა. ნილსონი 5, ზახრისონი 5, იაკობსონი 5, კალმანი 4, ოსტლუნდი 4

დან: დამგორი 10/7, ჰანსენი 5, მენსა 4, ეგერტი 4, ქრისტიანსენი 3

4 ტურის შემდეგ: დანია 7, გერმანია 6,ესპანეთი 6, რუსეთი 3, შვედეთი 2, უნგრეთი 0

1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22

22 იან. გერმანია-უნგრეთი 29-19, შვედეთი-რუსეთი 28-28

24 იან. გერმანია-რუსეთი 30-29, ესპანეთი-დანია 23-27

27 იანვარი.19:00შვედეთიუნგრეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/431867-2016-01-27-ehf-mens-euro-2016-main-round

21:15გერმანიადანია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-27-ehf-mens-euro-2016-main-round

23:30ესპანეთირუსეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-mens-euro-2016-main-round

27იანვარი.1 ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

19:00მაკედონიაბელარუსი

http://www.ehftv.com/int/livestream/431860-2016-01-27-ehf-mens-euro-2016-main-round

21:15საფრანგეთინორვეგია

http://www.ehftv.com/int/livestream/431863-2016-01-27-ehf-mens-euro-2016-main-round

23:30პოლონეთიხორვატია

http://www.ehftv.com/int/livestream/431864-2016-01-27-ehf-mens-euro-2016-main-round

4 ტურის შემდეგ: ნორვეგია 7 ქულა,საფრანგეთი 6, პოლონეთი 6, ხორვატია 4, მაკედონია 1, ბელარუსი 0

1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29

21 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 34-23, მაკედონია-ხორვატია 24-34

23 იან. საფრანგეთი-ხორვატია 32-24,პოლონეთი-ნორვეგია 28-30

25 იან.მაკედონია-ნორვეგია 31-31, პოლონეთი-ბელარუსი 32-27

29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply